2015 წლის 30 ივნისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა პარლამენტის მხრიდან საბიუჯეტო კონტროლის გაძლიერების პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, როგორც პარლამენტის სისტემაში არსებული დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანოს როლის განხილვას, ასევე აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციისა და მოსაზრებების გაზიარებას. შეხვედრის ფარგლებში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა წარადგინა პრეზენტაცია, სადაც განხილულ იქნა ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომლებსაც, საბიუჯეტო ოფისის მანდატის გათვალისწინებით, ეყრდნობა საბიუჯეტო ოფისის საქმიანობა საშუალოვადიან პერიოდში, ასევე ის ძირითადი ანგარიშები, რომლებიც აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში საბიუჯეტო ოფისის მხრიდან მიეწოდება საქართველოს პარლამენტს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პარლამენტის მიერ საბიუჯეტო ზედამხედველობის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლის და შესაბამისი როლის განხორციელებისათვის პარლამენტთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმების მნიშვნელობას.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/168-shexvedra-auditis-samsaxurtan?tmpl=component&print=1#sigProGalleriac25e97b38f