Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-აპრილი)

„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აპრილის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2026 წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები  10,003.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,759.4 მლნ ლარი) 32.5%-ს და 6 თვის გეგმის   (15,132.0 მლნ ლარი) 66.1%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,310.0 მლნ ლარით (15.1%-ით) აღემატება (ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისა და შემოსავლების მატების გავლენით).

2026 წლის 4 თვეში გადასახდელები 9,468.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,881.4 მლნ ლარი) 30.7%-ს და 6 თვის გეგმის (15,278.2 მლნ ლარი) 62.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 4 თვის მაჩვენებელს 1,008.1 მლნ ლარით (11.9%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელების მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 4 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 535.0 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი მაისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,000.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2026 წლის იანვარ-აპრილში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 922.4 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ 380.2 მლნ ლარი შეადგინა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.