Print this page

2025-2029 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზები (2025 ცვლილების II წარდგენა)

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების (II წარდგენა) პროექტის მიხედვით  შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.4%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის (7.4%) 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (7.2%) და განსხვავდება (0.2 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. 2020 წელს კოვიდ პანდემიის შედეგად დაფიქსირებული ეკონომიკური კლების შემდგომ (-6.3%), მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც 2021 წელს (10.6%), აგრეთვე 2022 (11.0%), 2023 (7.5%)  და 2024 (9.7%) წლებში, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი ეკონომიკური კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომისა, 2021 წელს დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 2022 წელსაც შენარჩუნდა როგორც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში, აგრეთვე გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საფინანსო სექტორის, ტურიზმის სექტორის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით, ხოლო 2024 წელს წინა წელთან შედარებით ზოგიერთ მაჩვენებელთან მიმართებით დაფიქსირდა კლება (ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები).

საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ათ თვეში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და გაიზარდა რეალური მშპ. გარდა აღნიშნულისა, დაშვებისას, ასევე, მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:

  •  მოსალოდნელია, რომ 2024 წელთან შედარებით, 2025 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოხლდება ტურისტული სექტორი, გარდა ამისა, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი;
  • კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფლაციის ზრდის ტემპის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის თებერვლიდან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც თებერვლის დასაწყისიდან 10.5%, ხოლო მარტის ბოლოდან 11.0% შეადგინა. 2022 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა, რის შემდგომაც აღნიშნულმა მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის მკვეთრი კლება დაფიქსირდა 2023 წლის მეორე კვარტალში, კერძოდ, 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონე 0.3%-ით განისაზღვრა, რაც, ძირითადად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და სურსათზე ფასების კლებით იქნა გამოწვეული. 2023 წლის ივლისის თვეში სურსათის ფასების რეალური ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებით 13.3%-ით შემცირდა6. შემცირებული სამომხმარებლო ფასების ინფლაციის პასუხად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პპ-ით, 2 აგვისტოს 0.25 პპ-ით, 13 სექტემბერს 0.25 პპ-ით, ხოლო 20 დეკემბერს 0.5 პპ-ით7 შეამცირა. ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველ ნახევარშიც. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 1.5 პპ-ით 8%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკის აღნიშნული პოლიტიკის საპასუხოდ, ინფლაციის მაჩვენებელმა მარტის თვიდან ზრდა დაიწყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2025 წელს ინფლაციის შედარებით მაღალი ზრდის ტემპი (3.9%) შენარჩუნდება, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) აღემატება. აღნიშნული ტრენდი არ შენარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდში.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2025 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.2%-ს შეადგენს (2024 წლის დეკემბრის პროგნოზით იგი -1.8% იყო).

ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2025 წლისთვის -2.2%-ს გაუტოლდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2025 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 5.2%-ია, რაც 1 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2024 წლის დეკემბრის პროგნოზისგან (4.2%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 3.8%-ს (2024 წლის დეკემბრის პროგნოზით 4.3%) შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2025-2029 წლებში საშუალოდ მშპ-ის -3.9%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025-2029 წლებში, ასევე, საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/makroekonomikuri-prognozidekemberi-2025-2025-tslis-ii-tsvlileba-1h0r6rzwk8zjl4e

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: