Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-ივნისი)

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 12,444.0 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 50.6%-ს და 6 თვის გეგმის   (11,710.5 მლნ ლარი) 106.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,728.4 მლნ ლარით (16.1%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

2024 წლის 6 თვეში გადასახდელების შესრულება 11,794.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 47.1%-ს და 6 თვის გეგმის (11,869.4 მლნ ლარი) 99.4%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 6 თვის მაჩვენებელს 1,834.7 მლნ ლარით (18.4%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,577.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 6 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 649.4 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ივლისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,226.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 6 თვეში 1,596.3 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -79.8 მლნ ლარი შეადგინა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.