Print this page

რეგულირების გავლენის შეფასება - ​ნაწილი 2: ტექნიკური სახელმძღვანელო

 

ნაწილი 2: ტექნიკური სახელმძღვანელო
რეგულირების გავლენის შეფასებისას ალტერნატივების (მათ შორის, „ნულოვანი ალტერნატივა" ანუ საბაზისო სცენარი) შეფასებისათვის საჭიროა თითოეული მათგანის შესაძლო დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება, იმის მიუხედავად, გამოხატულია ისინი ხარისხობრივად, რაოდენობრივ თუ ფულად მაჩვენებლებში. ხარჯებისა და სარგებლის შეფასება წარმოადგენს სისტემურ ჩარჩოს მარეგულირებელი ალტერნატივების შესაძლო შედეგების შეფასებისათვის. ის შესაძლებლობას იძლევა, შეფასდეს სხვადასხვა მარეგულირებელი ალტერნატივა რიგი მახასიათებლების მიხედვით საერთო საზომით - ფულადი ერთეულით. როდესაც ვერ ხერხდება სარგებლისა და ხარჯების მონეტიზაცია ან მათი რაოდენობრივ მახასიათებლებში წარმოდგენა, ხარჯებისა და სარგებლის ანალიზს მაინც შეუძლია სასარგებლო ინფორმაციის წარმოდგენა ალტერნატივების შედარებითი უპირატესობების შესახებ.
ალტერნატივების ანალიზისათვის, როგორც წესი, გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ანალიტიკური მეთოდები: ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზი და მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი. გარდა ზემოაღნიშნული მეთოდებისა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი სხვა მეთოდები: უმცირესი ხარჯების ანალიზი და რეალობის ალტერნატიული სცენარის (Counterfactual) ანალიზის მეთოდები. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკის ან პროექტის წმინდა ღირებულების შეფასებას მთლიანად საზოგადოებაზე გავლენის კუთხით. არასაბაზრო გავლენის ღირებულებითი შეფასება ამის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ისეთი პროდუქტების სრული ღირებულება, როგორებიც არის ჯანდაცვა, განათლება, ოჯახი, გარემოს დაცვა, მარტივად საბაზრო ფასებით არ ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარვყოთ ასეთი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არასაბაზრო გავლენის შეფასებისათვის გამოიყენება, როგორც ე.წ. საბაზრო მიდგომები (გამოვლენილი და გაცხადებული უპირატესობის მიდგომები), ასევე სხვა მიდგომები, მაგ. ცხოვრებით კმაყოფილების მიდგომა.
აღნიშნული დოკუმენტი განიხილავს ალტერნატივების შეფასების ზოგად ანალიტიკურ მიდგომებსა და არასაბაზრო გავლენის ღირებულების შეფასების ძირითად მიმართულებებს. ამავდროულად, დოკუმენტში წარმოდგენილია ღირებულების შეფასების ცალკეული მიმართულებებით ძირითადი მეთოდოლოგიური ასპექტები.