Print this page

რეგულირების გავლენის შეფასება - ნაწილი 1: არსი და საერთაშორისო გამოცდილება

ნაწილი 1: არსი და საერთაშორისო გამოცდილება
სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების ეფექტიანი პრაქტიკა წარმოადგენს რეგულირების მიზნობრივი სარგებლის მინიმალური დანახარჯებით მიღწევისა და შესაბამისად საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის წინაპირობას. აღნიშნული პრაქტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მოიაზრება რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), რომელიც წარმოდგენილი რეგულაციის ან არამარეგულირებელი ქმედების მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასების სისტემური ჩარჩოა და საერთაშორისო პრაქტიკით განიხილება, როგორც პოლიტიკის შემუშავების მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.
წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს უკეთესი რეგულირების ძირითად პრინციპებს საერთაშორისო დონეზე, შემდეგ წარმოადგენს რეგულირების გავლენის შეფასების საერთაშორისო გამოცდილებას მისი არსის, სამართლებრივი საფუძვლებისა და ძირითადი ტიპების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. სახელმძღვანელოს შემდეგი ნაწილი ეთმობა მიმოხილვას უშუალოდ რეგულირების გავლენის შეფასების კომპონენტებისა და ეტაპების შესახებ, როგორებიც არის: პრობლემის განსაზღვრა; მიზნების ჩამოყალიბება; ძირითადი ალტერნატივების შემუშავება; თითოეული ალტერნატივის გავლენების ძირითადი მიმართულებების ანალიზი; ალტერნატივების შედარება; მიღებული გადაწყვეტილების (არჩეული ალტერნატივის) განხორციელების მონიტორინგი და შეფასება. დასასრულს დოკუმენტი მიმოიხილავს გავლენის ძირითადი სფეროების მიხედვით (გავლენა ეკონომიკაზე, გავლენა საჯარო ადმინისტრირებაზე, გავლენა გარემოს დაცვაზე, სოციალური გავლენა) იმ ძირითად შეკითხვებს, რომლებიც მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნას რეგულირების გავლენის შეფასებისას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.