Print this page

საგადასახადო დანახარჯები

საგადასახადო დანახარჯები წარმოადგენს სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების იმ შემცირებას, რომელიც უკავშირდება საგადასახადო კანონმდებლობით გადასახადის გადამხდელთა კონკრეტული სეგმენტის ან კონკრეტული ტიპის საქმიანობის სტიმულირებისათვის განსაზღვრულ ნორმებს. ეს ნორმები, შესაძლოა, რამდენიმე ტიპის იყოს: გამონაკლისები, გამოქვითვები, კრედიტები, შემცირებული საგადასახადო განაკვეთი გადამხდელთა ან ტრანზაქციათა ცალკეული ტიპებისთვის და ა.შ.


საგადასახადო დანახარჯები, როგორც ეკონომიკური აგენტების სტიმულირების ეფექტიანი საშუალება, ნებისმიერი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მათი გავლენა, პირდაპირ ხარჯებთან შედარებით, როგორც წესი, ნაკლებად თვალსაჩინოა და ხშირად სისტემური ანალიზის მიღმა რჩება, რაც ფისკალური პოლიტიკის სრულყოფილი ანალიზისათვის საყურადღებოა. საგადასახადო დანახარჯების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო ფინანსების მართვის უკეთესი პრაქტიკა მიუთითებს საბიუჯეტო დოკუმენტაციაში ამ მიმართულებით გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის აუცილებლობაზე. მაგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციით, ბიუჯეტი ან მისი თანმდევი ფისკალური დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ცენტრალური მთავრობის საგადასახადო დანახარჯების შესახებ, მათ შორის, მონაცემებს მათი საბოლოო მიზნის, ხანგრძლივობისა და სამიზნე ბენეფიციარების თაობაზე (IMF, 2007).


რაც შეეხება საგადასახადო დანახარჯების შეფასების პრაქტიკას საქართველოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, საგადასახადო დანახარჯების შეფასების შესახებ ინფორმაცია საქართველოში რეგულარულად არ ქვეყნდება (IMF, Georgia: Fiscal Transparency Evaluation, 2017). როგორც შეფასებაშია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კანონმდებლობის პარლამენტში წარდგენისას შესაძლებელია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს საგადასახადო დანახარჯების ინდივიდუალური შეფასებები, საბიუჯეტო დოკუმენტაცია არ მოიცავს სისტემურ ანგარიშგებას არსებული ან სამომავლო საგადასახადო დანახარჯების შესახებ. შესაბამისად, ფისკალური გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) იძლევა რეკომენდაციას, რომ ბიუჯეტის დოკუმენტაციას თან დაერთოს საგადასახადო დანახარჯების შეფასება, მათ შორის, მნიშვნელოვანი მუხლების ინდივიდუალური შეფასებისა და მთავარი ბენეფიციარების მითითების ჩათვლით. გარდა ამისა, შესაძლებელია საგადასახადო დანახარჯების ზომის შეზღუდვა, მათ შორის, საბიუჯეტო ლიმიტებითაც.


საგადასახადო დანახარჯების შეფასების კუთხით საყურადღებოა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პუბლიკაცია დღგ-ის გაპის შესახებ, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და რომლის ფარგლებშიც შეფასდა დღგ-სთან დაკავშირებული საგადასახადო დანახარჯებიც. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საბიუჯეტო ოფისის კვლევითი პუბლიკაცია.