Print this page

დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი და მისი გავლენა საბიუჯეტო პარამეტრებზე


პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, იმ დაშვებით, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩაერთვებიან მხოლოდ ის დაქირავებით დასაქმებულები, რომელთათვისაც სავალდებულოა სქემაში მონაწილეობა, 2018 წელს (კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით):
• სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ (საჯარო და კერძო სექტორი ერთად) ფონდში შენატანის მოცულობა გაუტოლდება 71 მლნ ლარს, ხოლო საპენსიო ფონდში დაგროვილი სახსრების სრული მოცულობა - 166 მლნ ლარს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (საგადასახადო შემოსავლებზე) გავლენა შემცირების მიმართულებით შეადგენს 21 მლნ ლარს.
ზემოაღნიშნული გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე ორ მიმართულებას მოიცავს: სქემა გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, რაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სქემის მონაწილის სასარგებლოდ მიმართულ შენატანს, და შეამცირებს საგადასახადო შემოსავლებს, რადგან დასაქმებულის მიერ ფონდში შეტანილი 2% გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან და ასევე დამსაქმებელს თავის კონტრიბუციის 2% შეუძლია გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან და შეამციროს მოგების დასაბეგრი ბაზა.
რაც შეეხება პენსიის საპროგნოზო ოდენობას წარმოდგენილი სქემით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წელს საპენსიო სქემაში ჩართული საშუალო ხელფასის მქონე 30 წლის მამაკაცის პენსია პენსიაზე გასვლის დროისათვის (სოციალური პენსიის 180 ლარის დონეზე შენარჩუნებით) იქნება 1,123 ლარი, ხოლო 30 წლის ქალისათვის - 547 ლარი. ასეთი განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ არსებული მდგომარეობით მამაკაცის საშუალო ხელფასი აღემატება ქალის საშუალო ხელფასს (ყოველთვიური შენატანის მოცულობა მეტია), მამაკაცის საპენსიო ასაკი აღემატება ქალის საპენსიო ასაკს (დიდი ხნის განმავლობაში აგროვებენ თანხას), მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი ნაკლებია ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე (მცირე ხნის განმავლობაში ისარგებლებენ). აღნიშნული შეფასებისას გამოყენებული დაშვებების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია პუბლიკაციაში.
საერთაშორისო პრაქტიკით, დაგროვებითი საპენსიო სქემის უმთავრეს პოზიტიურ ეფექტად შესაძლებელია განხილულ იქნას არსებული დემოგრაფიული ტენდენციის გათვალისწინებით ეფექტიანი საპენსიო უზრუნველყოფა ფისკალური მდგრადობის შენარჩუნების პარალელურად. გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში დაზოგვის დაბალი ნორმის გათვალისწინებით, პოტენციურ დადებით გავლენად შესაძლებელია განხილულ იქნას დამსაქმებლისა და სახელმწიფოს შენატანებში თანამონაწილეობითა და მონაწილის კონტრიბუციის გადასახადისგან გათავისუფლებით დაზოგვის სტიმულირება. ზემოაღნიშნული დადებითი გავლენის პარალელურად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვისას საერთაშორისო გამოცდილებით აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას რამდენიმე საყურადღებო საკითხი:ეფექტიანი ინსტიტუციური ჩარჩო; დაგროვებული ფინანსური რესურსის მართვის ეფექტიანობა და მაკროეკონომიკური რისკებისადმი მგრძნობელობის  ასპექტი.