ფისკალური მულტიპლიკატორი: არსი და შეფასება
Print this page

ფისკალური მულტიპლიკატორი: არსი და შეფასება

 

დამატებულია აღნუშნული პუბლიკაციის განახლებული ვერსია 2015 წლის მონაცემების დამატებისა და მეთოდოლოგიის მცირედი გაუმჯობესების გათვალისწინებით - ფისკალური მულტიპლიკატორი

საერთაშორისო ეკონომიკური გარემოს მიმდინარე და წარსული მოვლენები, მათ შორის, 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეკონომიკურ განვითარებასა და ფისკალურ პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირს. მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფისკალური პოლიტიკის მიმართულებას: ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება, რაც გულისხმობს სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას ან/და გადასახადების ზრდას, ან პირიქით პოლიტიკის შემსუბუქება, რაც გულისხმობს სახელმწიფო დანახარჯების ზრდას ან/და გადასახადების შემცირებას. თუმცა, ფისკალური პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კომპოზიცია, ანუ ის, თუ რომელ ფისკალურ ინსტრუმენტზე ხდება ფოკუსირება. მაგ. საერთაშორისო გამოცდილებითა და ცალკეული კვლევებით, ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების წარმატებული მაგალითები ძირითადად ვლინდება იმ შემთხვევებში, როდესაც გამკაცრება ფოკუსირებულია მიმდინარე სახელმწიფო ხარჯების და არა სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებაზე ან გადასახადების ზრდაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფისკალური პოლიტიკის(ბიუჯეტის) ეფექტიანი დაგეგმვისათვის აუცილებელია ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის და მისი ცალკეული ინსტრუმენტის გავლენის რაოდენობრივი შეფასება. აღნიშნული მიზნით, უპირველესია ფისკალური მულტიპლიკატორის ზომის შეფასება.

ფისკალური მულტიპლიკატორი ასახავს ფისკალური პოლიტიკის მოკლევადიან გავლენას გამოშვების დონეზე. როგორც წესი, იგი განისაზღვრება როგორც გამოშვების (მშპ) ცვლილების ოდენობა ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი კომპონენტის 1 ლარით ცვლილების გავლენით, შესაბამისად, აღნიშნული ინდიკატორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის, განსაკუთრებით კი ფისკალური პოლიტიკის სასურველი ინსტრუმენტის შერჩევის ეტაპზე(მაგ. ხარჯვითი ნაწილის თუ საგადასახადო შემოსავლების ცვლილება, კაპიტალური თუ მიმდინარე დანახარჯების ცვლილება). აღნიშნული ინდიკატორის შეფასება მნიშვნელოვანწილად ქვეყნის სპეციფიკურ მახასიათებლებზე არის დამოკიდებული.  წარმოდგენილი პუბლიკაცია მიზნად ისახავს ინდიკატორის შეფასებას საქართველოსათვის რამდენიმე განსხვავებული მეთოდით სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად.

პირველი მეთოდი ეყრდნობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას, რომელიც წარმოადგენს ფისკალური მულტიპლიკატორის შეფასების მარტივ მექანიზმს. აღნიშნული მეთოდი სხვადასხვა სტრუქტურული და დროებითი მახასიათებლების გათვალისწინებით ქვეყნებს ანაწილებს ფისკალური მუტიპლიკატორისთვის განსაზღვრულ სამ კატეგორიაში და მიღებულ ინტერვალს აკორექტირებს ქვეყნის სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მეთოდის მიხედვით, საქართველოს ფისკალური მულტიპლიკატორი მოთავსებულია 0.467 – 0.701 ინტერვალში, რაც გულისხმობს, რომ ფისკალური პოლიტიკის 1 ლარით ცვლილება საშუალოდ 0.5-0.7 ლარით ცვლის გამოშვებას (მშპ)(მაგ. ბიუჯეტის დეფიციტის 1 ლარით ზრდა მოკლევადიან პერიოდში საშუალოდ მშპ-ს 0.5-0.7 ლარით ზრდის).

თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული შეფასების მეთოდი იძლევა მხოლოდ ზოგად სურათს ქვეყნის ფისკალური მულტიპლიკატორის ზომის შესახებ და არ ახდენს გამოყენებული ფისკალური ინსტრუმენტის მიხედვით მულტიპლიკატორის ზომის შეფასების შესაძლებლობას. გამოშვებაზე ფისკალური ცვლილებების გავლენის უფრო დეტალური ანალიზისთვის პუბლიკაციაში წარმოდგენილია ფისკალური მულტიპლიკატორის შეფასება ვექტორული ავტორეგრესიის მეთოდით. აღნიშნულ მეთოდზე დაყრდნობით, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკამ, საქართველოს მაგალითმაც აჩვენა, რომ ფისკალური პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას გამოყენებულ ფისკალურ ინსტრუმენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან გადასახადების, სახელმწიფო მოხმარებისა და სახელმწიფო ინვესტიციების ცვლილების გავლენა რეალურ მშპ-ზე განსხვავდება როგორც მასშტაბის, ისე ხანგრძლივობის მიხედვით[1]. კერძოდ, კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიზისას გამოიკვეთა, მოკლევადიან პერიოდში რეალურ მშპ-ზე სახელმწიფო მოხმარების (შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება) გავლენა პერიოდის დასაწყისში დადებითია, თუმცა იშემდგომ მნიშვნელოვნად მცირდება, მოკლევადიან პერიოდში ასევე მცირეა საგადასახადო შემოსავლების ცვლილების ზეგავლენა გამოშვებაზე, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების (არაფინანსური აქტივების ზრდა, ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მულტიპლიკატორი გავლენის სრული პერიოდის განმავლობაში დადებითი და საკმაოდ მაღალია.

ფისკალური მულტიპლიკატორის დინამიკის ზემოაღნიშნული ტენდენცია შესადარისია ამ მიმართულებით საერთაშორისო კვლევების შედეგებთან და იძლევა შესაძლებლობას გამოყენებულ იქნას ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიზნებისათვის და ხარჯვითი პოლიტიკის ინსტრუმენტის შერჩევის პროცესში. თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს ცალკეული მეთოდოლოგიური გამოწვევები, რაც პირველ რიგში უკავშირდება საქართველოსთვის ხანგრძლივი დროითი მწკრივების არარსებობას. მულტიპლიკატორის შეფასების სიზუსტის ზრდისთვის საბიუჯეტო ოფისი მიზნად ისახავს დამატებით მონაცემებზე დაყრდნობით და შესაბამისი მეთოდოლოგიური სიახლეების გათვალისწინებით, აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების ეტაპობრივ განახლებას.

მოცემული პუბლიკაცია ორგანიზებულია შემდეგნაირად: ნაწილი II განიხილავს ფისკალური მულტიპლიკატორის არსსა, მისი სიდიდის განმსაზღვრელ ფაქტორებსა და შეფასების არსებულ მეთოდებს. ნაწილი III წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილი მარტივი მექანიზმით შეფასებულ საქართველოს ფისკალურ მულტიპლიკატორს. ხოლო ნაწილი IV წარმოადგენს ვექტორული ავტორეგრესიით შეფასებულ საქართველოს ფისკალურ მულტიპლიკატორს.

 

იხ. მოკლე მიმოხილვა პრეზენტაციის სახით