ფისკალური პოლიტიკის გავლენის ძირითადი ასპექტები
Print this page

ფისკალური პოლიტიკის გავლენის ძირითადი ასპექტები

 

არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციების, კერძოდ, კი საგარეო და შიდა ფაქტორების გავლენით გაცვლითი კურსის გაუფასურებისა და ინფლაციური რისკების ზრდის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად არსებითი გახდა მთავრობის მიერ ფისკალური (საბიუჯეტო) პოლიტიკის გადახედვის საკითხი. კერძოდ, დისკუსიის მთავარ ასპექტად იქცა ფისკალური პოლიტიკის მოსალოდნელი მიმართულება: არსებული ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს სახელმწიფო დანახარჯების შემცირებასა ან/და გადასახადების ზრდას, ან პირიქით პოლიტიკის შემსუბუქება, რაც გულისხმობს სახელმწიფო დანახარჯების ზრდასა ან/და გადასახადების შემცირებას. წარმოდგენილი კვლევითი პუბლიკაცია მიზნად ისახავს წარმოადგინოს ერთი მხრივ, ფისკალური პოლიტიკის ეკონომიკურ გარემოზე გავლენის თეორიული ასპექტები. მეორე მხრივ, პუბლიკაცია ასახავს საერთაშორისო კვლევების შედეგებსა და გამოცდილებას ფისკალური პოლიტიკის გავლენისა და გასათვალისწინებელი რისკების კუთხით მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. ამ მიმართულებით არსებული მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით, პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ ცალკეულ საყურადღებო კვლევებს/საკითხებს დაინტერესებულ მხარეთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად.

ფისკალური პოლიტიკის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე მოსალოდნელი გავლენის შეფასება, განსაკუთრებით ფისკალური პოლიტიკის, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ინტრუმენტის გამოყენების მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის კუთხით, როგორც ეკონომიკურ თეორიაში, ასევე პრაქტიკაში განსხვავებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, დებატების საგანია. ერთი მხრივ, ყურადსაღებია დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის, როგორც ეკონომიკური სტაბილიზაციის ინსტრუმენტის გავლენა მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის, ასევე მონეტარული პოლიტიკის განსხვავებულ მიმართულებებთან კოორდინაციისას. მეორე მხრივ, საყურადღებოა, დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის კავშირი მის კომპოზიციასთან (ანუ იმ ინსტრუმენტებთან, რომლებზეც ხდება ფოკუსირება პოლიტიკის შესაბამისი მიმართულების განხორციელებისას).

მოკლევადიან პერიოდში, ფისკალური პოლიტიკის ცვლილება ეკონომიკურ გარემოზე ზეგავლენას ძირითადად საქონელსა და მომსახურებაზე შინამეურნეობების, ბიზნესის და მთავრობის მოთხოვნაზე ცვლილების არხით ახდენს, რაც თავის მხრივ, ზემოქმედებს გამოშვებაზე (მშპ-ზე) პოტენციურ გამოშვებასთან [1](გამოშვების მაქსიმალური ოდენობა, რაც ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს რესურსების მაქსიმალური უტილიზაციის პირობებში) მიმართებით. ასე მაგალითად, ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა (გადასახადების შემცირება ან/და სახელმწიფო ხარჯების ზრდა) ზრდის ერთობლივ მოთხოვნას, რაც წარმოების და დასაქმების ზრდის სტიმულს ქმნის ბიზნესისათვის. ერთობლივ მოთხოვნასა და გამოშვებაზე საპირისპირო ეფექტი აქვს მკაცრ ფისკალურ პოლიტიკას (გადასახადების ზრდა ან/და სახელმწიფო ხარჯების შემცირება). გრძელვადიან პერიოდში კი ფისკალური პოლიტიკის პოტენციურ მშპ-ზე გავლენა შემდეგ არხებს უკავშირდება: სახელმწიფოს ვალის ოდენობის ცვლილება, ფიზიკური პირებისა და ბიზნესის სტიმულების ცვლილება მუშაობასთან, დანაზოგებთან და ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით და ასევე სახელმწიფოს ინვესტიციების ცვლილება, რომელსაც, თავის მხრივ, გავლენა აქვს სამუშაო ძალისა და კერძო კაპიტალის მწარმოებლურობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით[2], ცალკეული კვლევების მიხედვით, ფისკალური პოლიტიკის ცვლილება გულისხმობს კომპრომისს გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში მშპ-ზე გავლენასთან დაკავშირებით. კერძოდ, ფისკალურ პოლიტიკაში უმეტეს ცვლილებებს რომელსაც ხელსაყრელი ეკონომიკური გავლენა აქვს მოკლევადიან პერიოდში, გრძელვადიან პერიოდში გამოშვებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. აღნიშნული ფენომენის მიზეზად მოიაზრება ის ფაქტი, რომ ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა (სახელმწიფო ხარჯების ზრდა ან გადასახადის განაკვეთის შემცირება) მოკლევადიან პერიოდში განაპირობებს მოთხოვნაზე ზრდას, რომელიც თავის მხრივ, გამოშვებას და შემოსავალს ზრდის და შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლებს, მაგრამ როგორც წესი, არა იმ მასშტაბით, რომ განეიტრალებულ იქნას დეფიციტის ზრდა. შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკა სახელმწიფოს ვალს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ამცირებს დანაზოგებსა და კაპიტალის მარაგს და შესაბამისად გამოშვებას (სხვა თანაბარ პირობებში). თუმცა გარკვეულ პირობებში, მოკლე და გრძელვადიან პერიოდებს შორის აღნიშნული ალტერნატივის თავიდან აცილება შესაძლებელია. აღნიშნულს ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფისკალური პოლიტიკის ცვლილება, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ზრდის ერთობლივ მოთხოვნას, ასევე პოზიტიურად იმოქმედებს ეკონომიკის გრძელვადიან პოტენციალზე საკმარისად, რომ განეიტრალებულ იქნას სახელმწიფო ვალის ზრდის უარყოფითი ეფექტები.

რაც შეეხება გავლენას მოკლევადიან პერიოდში, ზემოაღნიშნული თეორიული ასპექტების გათვალისწინებით, როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ანტიციკლურ დისკრეციულ ფისკალურ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ერთობლივი მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობას ეკონომიკური აქტივობის შენელებისას და ერთობლივი მოთხოვნის შეზღუდვას ეკონომიკური ბუმის დროს, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნებისათვის. თუმცა არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკის განხორციელება (მაგ. სახელმწიფო ხარჯების ზრდა ეკონომიკური აქტივობის შენელებისას) ეკონომიკური აქტივობის შემცირებისას მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, მაგალითად, ცალკეული კვლევების მიხედვით, ფისკალური პოლიტიკის შერბილება შესაძლებელია შეუსაბამო იყოს დიდი საგარეო დისბალანსის არსებობის დროს. ასეთ დროს, იმ შეთხვევაშიც კი, თუ ეკონომიკური აქტივობა შენელებულია, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ფისკალური კონსოლიდაცია ზრდადი ინფლაციის შეზღუდვისა ან/და მიმდინარე ანგარიშის დისბალანსის შემცირების ან კაპიტალის არსებითი გადინების დასაძლევად. ამასთან, სტანდარტული კეინზიანური თეორიის საპირისპიროდ (რომლის მიხედვითაც ფისკალური გამკაცრება აისახება ერთობლივ მოთხოვნაზე, ხოლო ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს, ხოლო უმუშევრობას გაზრდის, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში) არსებობს მოსაზრებები, რომ ფისკალურ გამკაცრებას შეუძლია სახელმწიფო ვალის შემცირების შედეგად საპროცენტო განაკვეთებზე „სანდოობა" გაზარდოს, რაც რისკის პრემიუმს შეამცირებს და ინვესტორების მოლოდინებს გაზრდის. აღნიშნულის შედეგი კი შეიძლება იყოს კერძო ინვესტიციების მოზიდვა ("crowding in"), რომელიც დააკომპენსირებს ერთობლივი მოთხოვნის კლებას, რომელიც მთავრობის ხარჯების შემცირების და გადასახადების ზრდის შედეგია. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ფისკალურმა კონსოლიდაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში გამოშვების ზრდა და არა შემცირება გამოიწვიოს (რასაც ტრადიციულად მიიჩნევენ ხოლმე).

აღნიშნული დისკუსიის გავლენით, იმისათვის, რომ განსაზღვრულ იქნას ფისკალური პოლიტიკის მიმართულება მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნებისათვის გასათვალისწინებელია, პირველ რიგში, ეკონომიკური გარემოს პრერეკვიზიტები, ხოლო მეორე მხრივ, კოორდინაცია მონეტარულ პოლიტიკასთან. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო დისბალანსის სტაბილიზაციისათვის ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს, ცალკეულ მკვლევართა მოსაზრებით მაგ. ინფლაციური რისკების პარალელურად უარყოფითი გამოშვების გაპის არსებობისას(როდესაც გამოშვება ნაკლებია მის პოტენციურ დონეზე), გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად ფისკალური პოლიტიკის არსებითად გამკაცრება გამოშვების მიმართულებით შესაძლოა მნიშვნელოვან რისკებს მოიცავდეს, რასაც საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს. ასეთ დროს შესაძლებელია განხილულ იქნას ნეიტრალური (ან ზომიერად ექსპანსიური, ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით) პოლიტიკის შესაძლებლობა და აქცენტი გაკეთდეს პოლიტიკის კომპოზიციის იმგვარ ცვლილებაზე, რომელიც მისაღებია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივიდან.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ფისკალური პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კომპოზიცია ანუ ის, თუ რომელ ინტრუმენტზე (ხარჯების თუ გადასახადების ცალკეული კომპონენტები) უნდა მოხდეს ფოკუსირება. მაგ. საერთაშორისო გამოცდილებითა და ცალკეული კვლევებით, ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების წარმატებული მაგალითები (როდესაც უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო ვალის დონის შემცირება) ძირითადად ვლინდება იმ შემთხვევებში, როდესაც გამკაცრება ფოკუსირებულია მიმდინარე სახელმწიფო ხარჯების და არა სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებაზე ან გადასახადების ზრდაზე.

პუბლიკაცია ორგანიზებულია შემდეგნაირად: პირველი ნაწილი ეხება ფისკალური პოლიტიკის გავლენის თეორიულ ასპექტებს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. მეორე ნაწილი კი ასახავს ემპირიული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების მოკლე მიმოხილვას ფისკალური პოლიტიკის, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგებსა და აღნიშნული შედეგების კავშირზე განხორციელებული პოლიტიკის ძირითად მახასიათებლებთან