საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების კვარტალური ბიულეტენი 2016 წლის III კვარტალი
Print this page

საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების კვარტალური ბიულეტენი 2016 წლის III კვარტალი

  • რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, I კვარტალში 2.6%, II კვარტალში 3.0%, ხოლო III კვარტალში 2.2%. 2016 წლის III კვარტალის ბოლოს  წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5%).
  • ფისკალურ სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 8.2%-ით მოიმატა. 2016 წლის III კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 4.4%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 5.7%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 4.0%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
  • საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერშისაქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (C ჰეპატიტის მედიკამეტების გარეშე) 2.5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ექსპორტი 8%-ით შემცირდა (თუმცა, საანალიზო პერიოდში აღინიშნა პოზიტიური ტენდენცია - ექსპორტის კლების ტემპი თანდათანობით შემცირდა, ხოლო სექტემბერში, წლის წინა თვეებთან შედარებით, პირველად ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა). იმპორტი 0.8%-ით შემცირდა (C ჰეპატიტის მედიკამეტების გარეშე). 2016 წლის III კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო  რეზერვები 16%-ით გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,858 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის III კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 3.7%-ით, ხოლო 2015 წლის III კვარტალთან მიმართებით 0.3%-ით გაუფასურდა.  
  • მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0.3%-ული პუნქტით შემცირდა და 14.2%-ს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის III კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 6.4%-ით გაიზარდა. 2016 წლის III კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 66.7% შეადგინა.

სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.4%-ული პუნქტით შემცირდა და 12.0% შეადგინა. 2016 წლის III კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებაზე გაწეული ხარჯები - 23.7%-ით, ხოლოჯანდაცვაზე -1.4 %-ით. სულ, 2016 წლის პირველ სამ კვარტალში განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯებმა 723 მლნ ლარს გადააჭარბა (გეგმიური მაჩვენებლის 91.5%), ხოლო ჯანდაცვაზე ხარჯებმა 706 მლნ ლარი შეადგინა (გეგმიური მაჩვენებლის 96.3%).