• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის I კვარტალში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.3%-ით გაიზარდა 2015 წლის I კვარტალთან შედარებით. აღნიშნული პერიოდის ბოლოსათვის წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა, რაც ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელზე.
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 11.1%-ით მოიმატა. 2016 წლის I კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 13.6%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 2.4%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 17.1%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
• საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2016 წლის I კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ერთდროულად შემცირების ტენდენციას ავლენს ექსპორტი და იმპორტი, შესაბამისად 12% და 5%-ით. 2016 წლის I კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები მცირედით გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,457 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის I კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, 2015 წლის IV კვარტალთან შედარებით 1.5%-ით, ხოლო 2015 წლის I კვარტალთან მიმართებით 14.9%-ით გაუფასურდა.
• მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის I კვარტალში, 2015 წლის IV კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0.4%-ული პუნქტით გაიზარდა და 16.1%-ს გაუტოლდა. 2015 წლის I კვარტალთან შედარებით, საანალიზო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 8.8%-ით გაიზარდა. 2016 წლის I კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 67.1% შეადგინა.
• სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2016 წლის I კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები გაიზარდა შესაბამისად, 29%-ით და 27 %-ით.