რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის IV კვარტალში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.9%-ით გაიზარდა 2014 წლის IV კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში წლიურმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა, რაც ახლოს არის ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%).
ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 3.0%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მშპ-ის 26.5% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების შეძენა 3.3%-ით გაიზარდა (მშპ-ის 32.0%). 2015 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 26.9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და წინასწარი მონაცემით მშპ-ის 41.5% შეადგინა. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 15.2%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 32.0%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2015 წლის IV კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, შემცირების ტენდენციას ავლენს ექსპორტი და იმპორტი, შესაბამისად 21% და 14%-ით. 2015 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6.6% შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის IV კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, 2015 წლის III კვარტალთან შედარებით 3.1%-ით, ხოლო 2014 წლის IV კვარტალთან მიმართებით 24.7%-ით გაუფასურდა.
მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის IV კვარტალში, ამავე წლის III კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0.02%-ული პუნქტით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა. 2014 წლის IV კვარტალთან შედარებით, საანალიზო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 21.6%-ით გაიზარდა. 2015 წლის IV კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 66.7% შეადგინა.
სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა. 2015 წლის III კვარტალში განათლებაზე გაწეული ხარჯები მცირედით (0.4%-ით) შემცირდა, ხოლო ჯანდაცვაზე 37%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით. თუმცა, ფარდობითი საბიუჯეტო დანახარჯები ჯანდაცვაზე (მშპ-ის 2.2%) და განათლებაზე (მშპ-ის 2.5%) დაბალია, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული მაჩვენებლები მშპ-ის 9.3%-სა და 5.3%-ის უტოლდება.