საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტზე თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის (9.8%) 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (10.0%), 1.8 პპ-ით აღემატება ოფისის მიერ ივლისის თვეში გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებელს (8.0%) და განსხვავდება (4.6 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. როგორც ცნობილია, მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც მოახდინა გავლენა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2020 წელს (-6.8%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის II კვარტლიდან, რაც ძირითადად განპირობებულია 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და შეზღუდვების შემსუბუქება/გაუქმების ფონზე, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ზრდით, რაც ასევე, გავლენას ახდენს 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე. ვაქცინაციის პროცესის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შერბილების/გაუქმების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის ტემპის გამოცოცხლებაც. ივლისის პროგნოზთან შედარებით, აღნიშნული პროგნოზი მიმდინარე პერიოდისთვის ხელმისაწვდომ დამატებით ინფორმაციას ითვალისწინებს, რაც ასახული იქნა ოფისის მიერ სცენარების საპროგნოზო მაჩვენებლებში. საბიუჯეტო ოფისის მიერ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განპირობებულია მიმდინარე წლისთვის მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. 2021 წლის მეორე და მესამე კვარტლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, მიუთითებს ეკონომიკური საქმიანობის თანდათანობით აღდგენაზე. 2021 წლის შეფასებისას, პროგნოზირებისათვის ფუნდამენტური ეკონომიკური მოვლენების ანალიზთან ერთად, კვლავ აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული დაშვებების არსებობა, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროგნოზის სიზუსტეზე. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში მწვანე პასპორტის კონცეფციის ამოქმედება გაზრდის ვაქცინაციის მაჩვენებლებს, რაც ამავდროულად ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებას შეუწყობს ხელს, მოხდება ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება, რაც ხელს შეუწყობს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივ აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული, როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:
- მოსალოდნელია, რომ პანდემიასთან ადაპტირების პარალელურად, 2021 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოცხლებული ტურისტული სექტორი კვლავ განაგრძობს აღდგენას 2020 წელთან შედარებით, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.
- ინფლაციის ტემპის გაზრდის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის აგვისტოდან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც აგვისტოს დასაწყისიდან 10% შეადგინა. აღნიშნული განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლის მეოთხე კვარტალშიც ინფლაციის მაღალი ზრდის ტემპი იქნება შენარჩუნებული და წლიური ინფლაცია 2021 წელს 9.7%-ს დაფიქსირდება. ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%) მიახლოებას, რასაც ამავე პერიოდიდან პოლიტიკის განაკვეთის შემცირება შეიძლება მოჰყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021-2022 წლებში საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით არის უფრო მაღალი მიმდინარე წლის ივლისის თვეში და 2020 წლის დეკემბრის თვეში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, რაც განპირობებულია ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი ზრდის ტემპებით.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-სთან მოსალოდნელი ფარდობა -6.8%-ს შეადგენს (ივლისის და 2020 წლის დეკემბრის პროგნოზებით იგი -6.8% იყო). აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 9.7%-ია, რაც 0.8 პპ-ით ჩამორჩება ოფისის 2021 წლის ივლისის პროგნოზს (10.5%), მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი კი მშპ-ის 8.9%-ს შეადგენს. აღსანიშნავია რომ 2020 წლის დეკემბრის პროგნოზის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი საბიუჯეტო ოფისის და მთავრობის პროგნოზის მიხედვითაც 8.5%-ს შეადგენდა. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2022 წლიდან გაუმჯობესებას დაიწყებს და საშუალოდ მშპ-ს -6.9%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვითაც დეფიციტი 2022 წლიდან გაუმჯობესდება და საშუალოდ მშპ-ს -6.9%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.