საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის (5.2%) 0.9 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (4.3%) და განსხვავდება (0.2 პპ-ით ჩამორჩება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან . როგორც ცნობილია, მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც მოახდინა გავლენა. ეკონომიკის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2020 წლის პირველ ნახევარში, მეორე კვარტალთან შედარებით მესამე და მეოთხე კვარტალში კლების ტემპის შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა 2020 წლისათვის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით მშპ-ს მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. 2021 წლის შეფასებისას, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, პროგნოზირებისათვის ფუნდამენტური ეკონომიკური მოვლენების ანალიზთან ერთად, აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული დაშვებების არსებობა, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროგნოზის სიზუსტეზე. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების ე.წ. „მეორე ტალღა" პიკი ექნება 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სწრაფად დაიწყებს აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ: 2021 წლის დადებით პროგნოზს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ Covid-19-ის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფონზე (საგანგებო მდგომარეობა და სხვადასხვა სახის შეზღუდვები) მოიშალა ე.წ. „გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი", თუმცა 2021 წლისათვის მოსალოდნელია, რომ მოხდება ეკონომიკური აქტორების პანდემიასთან უკეთ ადაპტირება და აღნიშნული ე.წ. „ღირებულებათა ჯაჭვის" როგორც ქვეყნების შიგნით, ისე მსოფლიო მასშტაბით აღდგენა. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პანდემიასთან ადაპტირების პარალელურად, 2021 წლისათვის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი. ნოემბრის პროგნოზთან შედარებით -5.0%-დან -5.3%-მდე შემცირდა ასევე 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც ძირითადად გამოწვეულია მეოთხე კვარტალში პანდემიის საპასუხოდ გატარებული დამატებითი შეზღუდვებით. აღნიშნული შეზღუდვები გრძელდება 2021 წლის იანვრის ბოლომდე, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება 2021 წლის ზრდაზეც. ინფლაციის ტემპის შემცირების საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის აპრილიდან შეარბილა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით 2020 წლის IV კვარტალში ინფლაციის ტემპის კიდევ უფრო კლება იყო მოსალოდნელი, რის პარალელურად შესაძლებელია იყო კვლავ პოლიტიკის შერბილებას ჰქონდა ადგილი, რაც 2021 წლისათვის ეკონომიკაზე დადებითად უნდა ემოქმედა. თუმცა აღნიშნული შემცირება უფრო ნელი აღმოჩნდა და ეროვნულმა ბანკმა 9 დეკემბერს შემცირების ნაცვლად მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო . აღნიშნულმა უმნიშვნელოდ, მაგრამ უარყოფითად იმოქმედა 2021 წლის პროგნოზზე.
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -6.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 0.7%-ული პუნქტით მეტია მთავრობის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მაჩვენებლებზე (-7.5%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 8.5%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელიც მშპ-ის 8.5%-ს შეადგენს. როგორც მთვრობი,ს ისე საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი საშუალოვადიან პერიოდში უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება და საშუალოდ მშპ-ს -7.0%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.