Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა თებერვალი, 2018

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2018 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 4.4% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას, დამამუშავებელ და სამთომომპოვებელ მრეწველობას ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2018 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.7% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2018 წლის იანვარში 4.9%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის გაჯანსაღებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდის ფონზე, 2018 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტმა 26.0%-ით მოიმატა, ხოლო იმპორტი 18.2%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტის წილმა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 26%-დან 27%-ს მიაღწია. საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 13.9%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებით. 2018 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 31%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2018 წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა და 3,023 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.