პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2017 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 4.7% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობასა და დამამუშავებელ მრეწველობას ჰქონდა. 2017 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2018 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2017 წლის დეკემბერში 5.9%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის გაჯანსაღებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდის ფონზე, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტმა 29.1%-ით მოიმატა, ხოლო იმპორტი 9.4%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტის წილმა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 23%-დან 26%-ს მიაღწია. საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 1.4%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებით. 2017 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 16.3%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2018 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, 9.7%-ით გაიზარდა და 3,069 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.