Print this page

2022-2025 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზები

 

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი 2022-2025წწ. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით წარმოდგენილ საპროგნოზო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის (6.8%) 0.3 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (6.5%) და განსხვავდება (1.6 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან . როგორც ცნობილია, მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც მოახდინა გავლენა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2020 წელს (-6.2%). მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 2021 წელს განპირობებულია 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და შეზღუდვების შემსუბუქება/გაუქმების ფონზე, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ზრდით. ვაქცინაციის პროცესის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შერბილების/გაუქმების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის ტემპის გამოცოცხლებაც. დეკემბრის პროგნოზთან შედარებით, აღნიშნული პროგნოზი მიმდინარე პერიოდისთვის ხელმისაწვდომ დამატებით ინფორმაციასაც ითვალისწინებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაზრდა განაპირობა მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობამ მიმდინარე პერიოდისთვის. აპრილის თვეში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები მიუთითებს ეკონომიკური საქმიანობის თანდათანობით აღდგენაზე. 2021 წლის შეფასებისას, პროგნოზის ირგვლივ გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება, პროგნოზირებისათვის ფუნდამენტური ეკონომიკური მოვლენების ანალიზთან ერთად, აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული დაშვებების არსებობა, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროგნოზის სიზუსტეზე. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების ტემპს შეამცირებს, რაც ხელს შეუწყობს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივ აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული, როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი . კერძოდ: 2021 წლის დადებით პროგნოზს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ Covid-19-ის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფონზე (საგანგებო მდგომარეობა და სხვადასხვა სახის შეზღუდვები) მოიშალა ე.წ. „გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი", თუმცა როგორც 2021 წლისათვის ჩანს, ხდება ეკონომიკური აქტორების პანდემიასთან უკეთ ადაპტირება და აღნიშნული ე.წ. „ღირებულებათა ჯაჭვის" როგორც ქვეყნების შიგნით, ისე მსოფლიო მასშტაბით აღდგენა, რომელიც შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პანდემიასთან ადაპტირების პარალელურად, 2021 წლისათვის მნიშვნელოვნად, გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი. დეკემბრის პროგნოზთან შედარებით 5.2%-დან 6.8%-მდე გაიზარდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც ძირითადად გამოწვეულია მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. ინფლაციის ტემპის გაზრდის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის აპრილიდან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც აპრილის ბოლოს 9.5% შეადგინა . საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით 2021 წლის განმავლობაში ინფლაციის ტემპის ზრდა არის მოსალოდნელი, და ასევე მოსალოდნელია რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. ამის პარალელურად შესაძლებელია კვლავ პოლიტიკის გამკაცრებას ჰქონდეს ადგილი. აღნიშნულმა უარყოფითად იმოქმედა 2021-2022 წლების პროგნოზზე.
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -5.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი1.1%-ული პუნქტით მეტია მთავრობის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მაჩვენებლებზე (-6.9%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 10.5%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელიც მშპ-ის 11.3%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2022 წლიდან გაუმჯობესებას დაიწყებს და საშუალოდ მშპ-ს -7.8%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვითაც დეფიციტი 2022 წლიდან გაუმჯობესდება და საშუალოდ მშპ-ს -8.5%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.