საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში 2019 წლის 29 ნოემბერს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2020 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი 4.7%-ს შეადგენს, ხოლო 2020-2023 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.2%-ს უტოლდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის (4.7%) 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (4.5%) და განსხვავდება (0.5 პპ-ით ჩამორჩება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული დინამიკა წინა საპროგნოზო მაჩვენებლებთან შედარებით ძირითადად სამი ფაქტორითაა განპირობებული: 2019 წელს მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა საგარეო ეკონომიკური გარემო და 2020 წლის ოქტომბრის საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით ძირითადად შემცირებისაკენ შეიცვალა, როგორც მთლიანად მსოფლიოს, ისე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესის" , გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც შემცირდა სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი, მოსალოდნელია რომ 2019 წლის მსგავსად მას 2020 წელსაც შედარებით მცირე, მაგრამ კვლავ შემზღუდველი გავლენა ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე. ასევე, გაცვლითი კურსის გაუფასურების და მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის მეორე ნახევარში 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და მაღალი ინფლაციის შენარჩუნების შემთხვევაში კვლავაც აღნიშნული პოლიტიკის გატარება დააანონსა .
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -1.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 0.8%-ული პუნქტით განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული მაჩვენებლისაგან (-2.4%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 4.3%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 4.1%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი საშუალოვადიან პერიოდში უმნიშვნელოდ გაუარესდება და საშუალოდ მშპ-ს -6%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, ხოლო მთავრობის პროგნოზის მიხედვით დეფიციტი მუდმივად კლების ტენდენციით ხასიათდება.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების განახლებული პროგნოზების შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.