საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში 2019 წლის 31 მაისს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2019 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი 4.7%-ს შეადგენს, ხოლო 2020-2023 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.4%-ს უტოლდება. მშპ-ს რეალური ზრდის წარმოდგენილი პროგნოზი 2019 წლისათვის (4.7%) 0.2%-ული პუნქტით აღემატება მთავრობის ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს (4.5%) და არ განსხვავდება საბიუჯეტო ოფისის მიერ 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. საბიუჯეტო ოფისის დეკემბრის პროგნოზი ძირითადად ორ ფაქტორს ეყრდნობოდა, რომელთაგან ორივე თითქმის ზუსტად ისე რეალიზდა, როგორც დეკემბერში იყო შეფასებული: 2018 წლისთვის ეკონომიკური ზრდის ტემპი წინასწარი 4.9%-დან 4.7%-მდე დაზუსტდა, ხოლო 2019 წლის აპრილის „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით ძირითადად შემცირებისაკენ შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. გარდა ამისა, საბიუჯეტო ოფისმა შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი", რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. ინიცირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, 2019 წლისთვის მოსალოდნელი იყო ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების და, შესაბამისად, მთლიანი მოხმარების შემცირება. მიმდინარე წლის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხების მოცულობა მართლაც შემცირდა (2019 წლის აპრილში 2018 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირდა 1%-ით); კლების ტენდენციას ავლენს მისი ზრდის ტემპიც.
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2019 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -2.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 0.2%-ული პუნქტით განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული მაჩვენებლისაგან (-2.2%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2019 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 6.7%-ს, ხოლო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 7.1%-ს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმოდგენილი პროგნოზი 2019 წლისათვის განსხვავდება 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან, რაც განპირობებულია 2018 წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში საგარეო მაჩვენებლების პროგნოზირებულისაგან განსხვავებული ტრენდითა და 2019 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესაძლო მოცულობის კლებით.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების განახლებული პროგნოზების შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.