წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - დეკემბერი 2018
Print this page

წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - დეკემბერი 2018

საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში 2018 წლის 30 ნოემბერს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

 

• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2019 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი 4.7%-ს შეადგენს, ხოლო 2019-2022 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.2%-ს უტოლდება. მშპ-ს რეალური ზრდის წარმოდგენილი პროგნოზი 2019 წლისათვის (4.7%) 0.2%-ული პუნქტით აღემატება მთავრობის ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს (4.5%) და განსხვავდება (0.8 %-ული პუნქტით ნაკლებია) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული დინამიკა წინა საპროგნოზო მაჩვენებლებთან შედარებით ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული: 2018 წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა საგარეო ეკონომიკური გარემო და 2019 წლისათვის ძირითადად შემცირებისაკენ შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ასევე საბიუჯეტო ოფისის მიერ შეფასებულ იქნა ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი", რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. ინიცირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, 2019 წლისათვის მოსალოდნელია ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების და შესაბამისად მთლიანი მოხმარების შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებელი (5.2%) საშუალოვადიანი პერიოდისათვის ითვალისწინებს მთავრობის სტრატეგიის მიხედვით საშუალოვადიან პერიოდში არაფინანსური აქტივების (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მნიშვნელოვან საპროგნოზო/დაგეგმილ ზრდას, რომლის ფაქტობრივმა დინამიკამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებლების ფაქტობრივ რეალიზებაზე.

 

• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2019 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -2.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 0.1%-ული პუნქტით განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული მაჩვენებლისაგან (-2.2%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზების საბაზისო სცენარი ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.

 

• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2019 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 9.5%-ს, ხოლო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 8.5%-ს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმოდგენილი პროგნოზი 2019 წლისათვის განსხვავდება 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან, რაც განპირობებულია 2018 წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში საგარეო მაჩვენებლების პროგნოზირებულისაგან განსხვავებული ტრენდითა და 2018 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესაძლო მოცულობის ზრდით.

 

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების განახლებული პროგნოზების შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.