პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2017 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 3.8% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას, მშენებლობას და დამამუშავებელ მრეწველობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-ივლისში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.4%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2017 წლის ივლისში 6.6%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის გაჯანსაღებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდის ფონზე, 2017 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტმა 28.9%-ით მოიმატა, ხოლო იმპორტი 8.5%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტის წილმა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 22%-დან 26%-ს მიაღწია. შესაბამისად, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა და მისმა დეფიციტმა მხოლოდ 0.2%-ით მოიმატა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია წინა წლებთან მიმართებით. 2017 წლის ივლისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 20.1%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2017 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9%-ით გაიზარდა და 2,915 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.