Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა აპრილი, 2017

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2017 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 5.3% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, განსაკუთრებული დადებითი გავლენა ვაჭრობას, მშენებლობას, დამამუშავებელ მრეწველობას და საფინანსო საქმიანობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-მარტში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 5.0%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.1% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2017 წლის მარტში 5.9%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 30%-ით, ხოლო იმპორტი 15%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 8.3%-ით მოიმატა. 2017 წლის მარტში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 23.5%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2017 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა და 2,746 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.