პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის სექტემბერში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 1.5% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით მშენებლობას (2.5%), აგრეთვე ტრანსპორტს (0.7%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ -0.2% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2016 წლის სექტემბერში -0.2%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 8%-ით, ხოლო იმპორტი 3%-ით შემცირდა (C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების გარეშე). აღნიშნულის გამო, ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 1%-ით მოიკლო. 2016 წლის სექტემბერში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 13.1%-ით გაიზარდა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით გაიზარდა და 2,760 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.