პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის ივლისში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.1% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ელექტროენერგიისა და წყლის წარმოება-განაწილებას (0.7%), უძრავი ქონებით ოპერაციებს (0.7%) და საფინანსო სექტორს (0.6%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2016 წლის ივლისში -0.8%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი მკვეთრად - 25%-ით გაიზარდა (ძირითადად, C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების მოწოდების, აგრეთვე რკინიგზის ვაგონების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ხარჯზე). აღნიშნულის გამო, ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 41%-ით მოიმატა. 2016 წლის იანვარ-ივლისში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები მცირედით (0.6%-ით) შემცირდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, 2016 წლის ივლისის თვეში, წინა წლის ივლისთან შედარებით გზავნილები 10.4%-ით გაიზრდა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.3%-ით გაიზარდა და 2,888 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.