მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის ივლისი
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის ივლისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2016 წლის ივნისში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.9% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით მშენებლობას (1.1%) და საფინანსო სექტორს (1.0%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2016 წლის ივნისში -2.4%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი მკვეთრად - 30%-ით გაიზარდა (ძირითადად, C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების მოწოდების მნიშვნელოვანი ზრდის ხარჯზე). აღნიშნულის გამო, ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 48%-ით მოიმატა. კლების ტენდენცია კვლავ გამოვლინდა ფულად გზავნილებში, კერძოდ, 2016 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 1.6%-ით შემცირდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, 2016 წლის ივნისის თვეში, წინა წლის ივნისთან შედარებით გზავნილების 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.7%-ით გაიზარდა და 2,856 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.