პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის თებერვალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.6% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით კომუნალურ მომსახურებას (0.9%), ელექტრონერგიისა და წყლის წარმოება-განაწილებას (0.7%) და მშენებლობას (0.5%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2016 წლის თებერვალში 4.7%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 1%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 7.2%-ით გაიზარდა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში, კერძოდ, 2016 წლის იანვარ-თებერვალში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 7%-ით შემცირდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მცირედით (0.2%-ით) გაიზარდა და 2,457 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.