პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2015 წლის იანვარ-მაისში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.5% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა მრეწველობის დარგის გარდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2015 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.5%, ხოლო მშპ-ის დეფლატორმა 5.1% შეადგინა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 9%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 0.5%-ით შემცირდა. ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 23%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2015 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა და 2,484 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.