პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების ფუნქცია განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ეფუძნება "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქცია პირდაპირ კავშირშია საკანონმდებლო პროცესთან.

 

 „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სხვა კომპონენტებთან ერთად, აისახება კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი), რომელშიც აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებთან კანონპროექტის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ახორციელებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. აღნიშნულის საფუძველზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.

ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.

საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის სრულყოფის მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებულ იქნა შემდეგი მეთოდოლოგიური დოკუმენტები:

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებების ვიდეო ინსტრუქცია

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების შემოწმების მეთოდოლოგიური მითითებები