პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთების სახით წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმების ფუნქცია ეყრდნობა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ვალდებულებას, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რეგულაციების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქცია პირდაპირ ბმაშია საკანონმდებლო პროცესთან.
კერძოდ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, სხვა კომპონენტებთან ერთად, უნდა მოიცავდეს საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების თაობაზე შემდეგი სახის ინფორმაციას:
- კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს;
- კანონპროექტის გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
- კანონპროექტის გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
- სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
- კანონპროექტის მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
- კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობას შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
არსებული საკანონმდებლო მანდატით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ვალდებულია, ერთი მხრივ, მოამზადოს დასკვნები კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით (საკანონმდებლო ინიციატივების შესაბამისი დასკვნები ხელმისაწვდომია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე), მეორე მხრივ, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის სახით მოამზადოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის დამოუკიდებელი შეფასება.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული ქვემოთწარმოდგენილი მეთოდოლოგიური დოკუმენტები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის და ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის ხარისხის სრულყოფას.
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ფინანსური დასაბუთების შემოწმების მეთოდოლოგია - წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური დასაბუთების სახით წარმოდგენილი ინფორმაციის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემოწმების მეთოდოლოგიას. დოკუმენტის მიზანია სტანდარტებისა და მითითებების დადგენა ფინანსური დასაბუთების შემოწმებისა და დასკვნის წარდგენისათვის, მათ შორის, მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პერიოდების შესაბამისი დაშვებების შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით. შემოწმების მეთოდოლოგია ატარებს სავალდებულო ხასიათს და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთების შემოწმებისას პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.
- გარდა ზემოაღნიშნულისა, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ ფინანსური დასაბუთების სახით წარდგენილი ინფორმაციის მომზადების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ იქნა განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია. დოკუმენტის მიზანია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად სარეკომენდაციო სახით განსაზღვროს ფინანსური დასაბუთების სახით წარდგენილი ინფორმაციის მომზადების ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები, რათა აღნიშნული ინფორმაცია ასახავდეს საკანონმდებლო ინიციატივის მოსალოდნელი ფინანსური გავლენის შესახებ სათანადო სურათს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დოკუმენტი ასახავს ფინანსური დასაბუთების მომზადების ზოგად მითითებებს და მინიმალურ მოთხოვნებს რეგლამენტით განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად წარსადგენი ინფორმაციის თითოეული კომპონენტისთვის. ფინანსური დასაბუთების მომზადების მეთოდოლოგია არ ატარებს სავალდებულო ხასიათს, არამედ წარმოადგენს სარეკომენდაციო სახელმძღვანელო დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივების ავტორებისათვის.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების მეთოდოლოგია
ფინანსური დასაბუთების შემოწმების მეთოდოლოგია
