2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 62%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 1%-ით (49 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 63%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (411 მლნ ლარით) აღემატება.
შემოსულობების კომპონენტების დონეზე, დაბალი შესრულების მაჩვენებელი ფინანსური აქტივების კლების მუხლით და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 48%). გადასახდელების კომპონენტების დონეზე, სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 50%).
საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა განისაზღვრა 5,831 მლნ ლარის დონეზე, ხოლო 2016 წლის იანვარ-აგვისტოში მობილიზებულია 5,178 მლნ ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 310 მლნ ლარით (6%-ით) აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის მობილიზების ტენდენციებსა და ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გაანგარიშებულ იქნა საგადასახადო შემოსავლების მოსალოდნელი მაჩვენებელი მიმდინარე წლისათვის, რომელიც უახლოვდება (დაახლოებით 1.6%-ით აჭარბებს) ბიუჯეტის კანონით გაწერილ გეგმურ მაჩვენებელს (7,980 მლნ ლარი).
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულებამ წლიური გეგმის 64%-ს გაუტოლდა დაგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 367 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლით (218 მლნ ლარით) და საქონლისა და მომსახურების მუხლით (121 მლნ ლარით) ხარჯების ზრდას, გასული წლის ამავე პერიოდის შესრულებასთან შედარებით.
წლის განმავლობაში ხარჯების მოსალოდნელ დინამიკასთან მიმართებაში, თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2016 წლის მომდევნო 4 თვის განმავლობაში შესრულების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 71 მლნ ლარით (1.1-ჯერ) უნდა აღემატებოდეს 8 თვის ათვისების საშუალო მაჩვენებელს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული ფარდობა 1.2-ს გაუტოლდა.