2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 7 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 54%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 4%-ით (255 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 55%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 5%-ით (289 მლნ ლარით) აღემატება.
შემოსულობების კომპონენტების დონეზე, დაბალი შესრულების მაჩვენებელი ფინანსური აქტივების კლების მუხლით და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 48% და 39%, შესაბამისად). გადასახდელების კომპონენტების დონეზე, სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 40%).
საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა განისაზღვრა 5,831 მლნ ლარის დონეზე, ხოლო 2016 წლის იანვარ-ივლისში მობილიზებულია 4,515 მლნ ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 203 მლნ ლარით (5%-ით) აღემატება, ძირითადად აქციზისა და სხვა გადასახადების სახით მიღებული შემოსავლების ზრდის გავლენით. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის მობილიზების ტენდენციებსა და ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გაანგარიშებულ იქნა საგადასახადო შემოსავლების მოსალოდნელი მაჩვენებელი მიმდინარე წლისათვის, რომელიც უახლოვდება (დაახლოებით 0.3%-ით აჭარბებს) ბიუჯეტის კანონით გაწერილ გეგმურ მაჩვენებელს (7,980 მლნ ლარი).
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულებამ წლიური გეგმის 56%-ს გაუტოლდა დაგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 295 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლით (190 მლნ ლარით) და საქონლისა და მომსახურების მუხლით (112 მლნ ლარით) ხარჯების ზრდას, გასული წლის ამავე პერიოდის შესრულებასთან შედარებით.
წლის განმავლობაში ხარჯების მოსალოდნელ დინამიკასთან მიმართებაში, თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2016 წლის მომდევნო 5 თვის განმავლობაში შესრულების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 59 მლნ ლარით (1.1-ჯერ) უნდა აღემატებოდეს 7 თვის ათვისების საშუალო მაჩვენებელს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული ფარდობა 1.2-ს გაუტოლდა.