Print this page

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-სექტემბერი

 

 პასუხი ძირითად შეკითხვებზე

ვლინდება თუ არა წლიური გეგმის შესრულებაში შეფერხებები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების მიხედვით? 

აგრეგატულ დონეზე, 2016 წლის 9 თვის მდგომარეობით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) და გადასახდელების (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, კერძოდ: 9 თვეში შემოსულობების სახით ბიუჯეტში მიღებულია წლიური გეგმური მაჩვენებლის 71%, ხოლო გადასახდელების სახით გაწეულია წლიური გეგმის 72%.

როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის შესრულების მდგომარეობა წლიურ გეგმასთან მიმართებით?  

შემოსულობების კომპონენტებიდან წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების შედარებით მაღალი დონით ხასიათდება შემოსავლები (73%) (ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციის გავლენით) და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები (71%). შედარებით დაბალი შესრულების დონე ვლინდება ვალდებულებების ზრდის კომპონენტისათვის (52%), რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებთან, რომლის სახით წლიური გეგმით განსაზღვრული 395 მლნ ლარიდან ბიუჯეტში თანხები ჯერ არ შემოსულა. წლიური გეგმის ასევე 52%-ს შეადგენს ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებიც, თუმცა 9 თვეში ამ მიმართულებით  მობილიზებულია 9 თვის გეგმის (106%).

როგორ სრულდება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმური მაჩვენებელი?

საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი წლიური გეგმის 74%-ს შეადგენს, გასული  წლისათვის ანალოგიური მაჩვენებელი ასევე 74%-ს შეადგენდა. გადასახადების სახეების მიხედვით გამოვლენილი გადახრების ანალიზისას საყურადღებოა სახაზინო კოდების სისტემაში განხორციელებული რეფორმა, რომლის საფუძველზე 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა გადასახადის ერთიანი სახაზინო კოდი. შედეგად გადასახადების მობილიზება ხდება აღნიშნულ ერთიან სახაზინო კოდზე და შემდეგ გადასახადი სახეების მიხედვით ნაწილდება ფაქტობრივად დეკლარირებულ ვალდებულებებზე, ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით.

როგორია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჯამური მაჩვენებლის შესრულება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. მათ შორის, ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯები) ზრდის ტემპი 7%-ს შეადგენს და ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 406 მლნ ლარს უტოლდება, ძირითადად სოციალური უზრუნველყოფის (238.6 მლნ ლარით) და საქონელი და მომსახურების (127.8 მლნ ლარით) ზრდის გავლენით. ზრდა ვლინდება ასევე არაფინანსური (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის და ზრდის ტემპი ნომინალურ გამოსახულებაში 25.7 მლნ ლარსა (6%-ს) და 43.8 მლნ ლარს (14%-ს) შეადგენს შესაბამისად.

როგორია გადასახდელების ცალკეული კომპონენტის შესრულების მდგომარეობა წლიურ გეგმასთან მიმართებით?

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტებიდან წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულებით შედარებით მაღალი დონით ხასიათდება ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები (85%). შედარებით დაბალი შესრულების დონე ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტისათვის (წლიური გეგმის 59%). ხოლო ხარჯების შესრულების წლიური გეგმის 73%-ს შეადგენს.

გაიზარდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?

2016 წლის 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯები 1,075 მლნ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 67 მლნ ლარით აღემატება. ანალოგიურ ტენდენცია ვლინდება შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებისათვის: აღნიშნული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში 123 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის - 108 მლნ ლარს უტოლდებოდა. რაც შეეხება სტრუქტურას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა უკავშირდება თანამდებობრივი სარგოს (49 მლნ ლარით), პრემიისა (11 მლნ ლარით) და დანამატის (16 მლნ ლარით) მატებას. ამავდროულად მცირედი კლება ვლინდება წოდებრივი სარგოს მუხლით (8 მლნ ლარით) შრომის ანაზღაურებისათვის.