პასუხები ძირითად შეკითხვებზე
ვლინდება თუ არა კვარტალური გეგმისაგან გადახრები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების შესრულებაში?
აგრეგატულ დონეზე, 2016 წლის 6 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) შესრულება მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება და 96%-ს შეადგენს. ასევე, გადასახდელების შესრულება (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) კვარტალურ გეგმისაგან მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება (95%).
როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის გეგმის შესრულების მდგომარეობა?
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებიდან მცირედი გადაჭარბებით ხასიათდება არაფინანსური (105%) და ფინანსური აქტივების კლებისა (106%) და შემოსავლების მუხლებით (101%) შემოსულობები, ხოლო გეგმური მაჩვენებლისაგან უარყოფითი გადახრა ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რომლის შესრულება 6 თვის გეგმის 59%-ს შეადგენს (რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებთან, რომლის სახით 6 თვეში დაგეგმილი იყო 275 მლნ ლარის მიღება, თუმცა ბიუჯეტში აღნიშნული თანხების მიღება არ მომხდარა).
შესრულდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი?
საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 101%-ს შეადგენს, თუმცა გადასახადების ტიპების მიხედვით გამოვლენილი გადახრების ანალიზისას საყურადღებოა სახაზინო კოდების სისტემაში განხორციელებული რეფორმა, რომლის საფუძველზე 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა გადასახადის ერთიანი სახაზინო კოდი. შედეგად გადასახადების მობილიზება ხდება აღნიშნულ ერთიან სახაზინო კოდზე და შემდეგ გადასახადი სახეების მიხედვით ნაწილდება ფაქტობრივად დეკლარირებულ ვალდებულებებზე, ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით.
როგორია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჯამური მაჩვენებლის შესრულება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. მათ შორის, ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯები) ზრდის ტემპი 7%-ს შეადგენს და ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 277.1 მლნ ლარს უტოლდება, ძირითადად სოციალური უზრუნველყოფის (161.8 მლნ ლარით) და საქონელი და მომსახურების (93.0 მლნ ლარით) ზრდის გავლენით. ზრდა ვლინდება ასევე არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის და ზრდის ტემპი 8%-სა და 9%-ს შეადგენს შესაბამისად.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რომელი კომპონენტის გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა საანგარიშო პერიოდში?
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტებიდან კვარტალური გეგმისაგან უარყოფითი გადახრა ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის შესრულება კვარტალური გეგმის 86%-ს უტოლდება, ხოლო ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯები) შესრულება კვარტალური გეგმის 95%-ს შეადგენს.
გაიზარდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?
2016 წლის 6 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯები 710 მლნ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 40 მლნ ლარით აღემატება. ანალოგიური ტენდენცია ვლინდება შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებისათვის: აღნიშნული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში 78 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის - 69 მლნ ლარს უტოლდებოდა. რაც შეეხება სტრუქტურას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა უკავშირდება თანამდებობრივი სარგოს(32 მლნ-ით), დანამატის(10 მლნ-ით) და ასევე პრემიის მუხლით(6 მლნ-ით) ხარჯების ზრდას, ამავდროულად მცირედი შემცირება ვლინდება წოდებრივი სარგოს მუხლით შრომის ანაზღაურებისათვის.