• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 2 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 61.0%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 13.6%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 60.0%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 13.6%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) და ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) შემოსულობები და ნომინალურ გამოსახელებაში 25.9 მლნ ლარს და 7.8 მლნ ლარს შეადგენს (კვარტალური გეგმის 247%-ს და 93%-ს, შესაბამისად). ამასთან, საანგარიშო პერიოდში შემოსულობების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად, ზრდის ტემპი 12.7%-ს უტოლდება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტებთან მიმართებაში, საწყის კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში ათვისების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება არაფინანსური აქტივების ზრდის (65.8%) და ხარჯების (60.8%) მუხლით გადასახდელები. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ათვისების მაჩვენებლები, აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად ზრდის ტემპი 13.3%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად შესაბამისობაშია კვარტალური გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან. კომპონენტების დონეზე გადახრით ხასიათდება გრანტების კომპონენტი, რომელიც 2 თვის მდგომარეობით 44.6 მლნ ლარს და წლიური გეგმის 20.7%-ს, ხოლო კვარტალური გეგმის 100%-ს უტოლდება.
• საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მდგომარეობა ძირითადად შესაბამისობაშია კვარტალური განწერით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან. 2015 წლის 2 თვის მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 57.1%-ს და წლიური გეგმის 13.4%-ს შეადგენს. ამასთან, შედარებით მაღალი მობილიზების დონით გამოირჩევა აქციზის და დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლები, რომელთა შესრულებაც კვარტალური გეგმის 71.4%-სა და 63.4%-ს უტოლდება. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, და ჯამურად, ზრდის ტემპი 6.5%-ს უტოლდება.
• რაც შეეხება სხვა შემოსავლების კომპონენტს, სხვა შემოსავლების ცალკეული მუხლებიდან, შედარებით მაღალი შესრულების დონით ხასიათდება შემოსავლები საკუთრებიდან, ძირითადად პროცენტების მუხლით შემოსავლების მაღალი შესრულების დონის გავლენით. კერძოდ, პროცენტების მუხლით შემოსავლები 2015 წლის იანვარ-თებერვლის მდგომარეობით 7.3 მლნ ლარს და კვარტალური გეგმის 69.5%-ს შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სხვა შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად, ზრდის ტემპი 18.0%-ს უტოლდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში მხარჯავი დაწესებულებების უმეტესობისთვის 5-15%-იან შუალედში მერყეობს. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართები 2-4).
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული სახსრები 2015 წლის 2 თვის მდგომარეობით 19.2 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 38.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2015 წლის 2 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 3.5 მლნ ლარს და წლიური გეგმის 1.2%-ს უტოლდება.
• გადასახდელების ანალიზისას საყურადღებოა შრომის ანაზღაურების მუხლით გადასახდელების სტრუქტურა. გასული წლის ბოლო თვეების მსგავსად, 2015 წლის 2 თვის მდგომარეობით, შემცირებულია პრემიის წილი თანამდებობრივი სარგოს ჯამურ მაჩვენებელთან, ხოლო საწინააღმდეგო ტენდენციას ავლენს დანამატის სახით გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი. ამასთან, ჯამურად პრემიისა და დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9.9%-ით აღემატება.
საშინაო და საგარეო ვალდებულებების დინამიკა
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივი შესრულება, 2015 წლის 2 თვის მდგომარეობით, 141.1 მლნ ლარს შეადგენს (წლიური გეგმა - 600 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 325.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 173.9 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები.
• რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული გრანტების მოცულობა 2015 წლის 2 თვის მდგომარეობით 44.6 მლნ ლარს და წლიური დამტკიცებული გეგმის 20.7%-ს შეადგენს. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობები ჯამურად, 33.6 მლნ ლარს და წლიური გეგმის 3.3%-ს უტოლდება.