• აგრეგატულ დონეზე, 2014 წლის 11 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 85.8%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 85.1%-ს შეადგენს, ხოლო სახაზინო სამსახურის ოპერატიული ინფორმაციით, ანალოგიური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისად, შემოსულობების გეგმური მაჩვენებლის 95.5%-ს, ხოლო გადასახდელებისათვის - 94%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, როგორც 11 თვის, ისე მიმდინარე წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით(ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით), წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ფინანსური აქტივების კლების(სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) და შემოსავლების მუხლით შემოსულობები (გადასახადებისა და გრანტების შესრულების ტენდენციის გავლენით), შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება არაფინანსური აქტივების კლებისა(პრივატიზება) და ვალდებულებების ზრდის კომპონენტისათვის. ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები 11 თვის მდგომარეობით წლიურ გეგმასთან მიმართებაში 69.5%-ს, ხოლო 25 დეკემბრის ოპერატიული მონაცემებით- 83.5%-ს შეადგენს, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დინამიკასთან მიმართებაში, ვლინდება მიმდინარე წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით სექტემბერ-ნოემბრის თვეებში გადასახდელების ზრდის ტენდენცია, კომპონენტების დონეზე განსაკუთრებით მასშტაბურად, არაფინანსური აქტივების ზრდის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 11 თვის მდგომარეობით, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების შესრულება წლიურ გეგმასთან მიმართებაში სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციას ავლენს და წლიური გეგმის 75%-ს უტოლდება.
• თუ დავუშვებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გადასახდელების გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2014 წლის ბოლო თვის განმავლობაში გადასახდელების შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 653 მლნ ლარით (1.9-ჯერ) უნდა აღემატებოდეს ათვისების საშუალო თვიურ მაჩვენებელს წლის პირველი 11 თვის განმავლობაში. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით მასშტაბურად ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის, რომლისთვისაც ანალოგიური ფარდობა ბოლო თვის მოსალოდნელ მაჩვენებელსა და 11 თვის ფაქტობრივ საშუალო მაჩვენებელს შორის 3.6-ს შეადგენს.
• სახაზინო სამსახურის ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, გადასახდელების ჯამური მაჩვენებლის შესრულება წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 94%-ს შეადგენს და ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ წლიურ გეგმურ მაჩვენებელზე 584 მლნ ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ვლინდება, რომ გასული წლებისაგან განსახვავებით, 2014 წლის დეკემბერში ნაკლებად სავარაუდოა გამოვლინდეს გადასახდელების მასშტაბური ზრდა, რაც გასულ წლებში რესურსების არაეფექტიანი განკარგვის რისკს ზრდიდა. თუმცა ზემოაღნიშნული ოპერატიული ინფორმაცია მიანიშნებს გადასახდელების ჯამური მაჩვენებლისა და მისი კომპონენტების შესრულების მოსალოდნელ გადახრებზე წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული მაჩვენებლებისაგან.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად შესაბამისობაშია წლიური გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან, თუმცა როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშებში უკვე აღინიშნა, კომპონენტების დონეზე საგადასახადო შემოსავლების და გრანტებისაგან განსხვავებით, შესრულების შედარებით დაბალი ტენდენციით ხასიათდება სხვა შემოსავლების კომპონენტი. ამასთან, გრანტების კომპონენტი, რომელიც წლის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციას ავლენდა, 11 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის 139.6%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან მიმართებაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველადი გაანგარიშებით, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის შესრულების გადაჭარბება წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებაში, თუმცა გადასახადების სხვა ტიპებისაგან განსხვავებით, შესაძლოა გართულდეს მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების წლიური გეგმის შესრულება.
• სახაზინო სამსახურის ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტში მობილიზებულია გადასახადების წლიური გეგმური მაჩვენებლის 98.6% (მ.შ. დღგ-ს სახით მოცემულ პერიოდში უკვე მიღებულია გეგმური მაჩვენებლის 99.7%, ხოლო აქციზის მოცულობამ 8%-ით გადააჭარბა გეგმურ მოცულობას). დეკემბრის თვის შესრულების ზემოაღნიშნული ტენდენცია ძირითადად შესაბამისობაშია ექსტრაპოლაციის მეთოდით გაანგარიშებულ მოსალოდნელ მაჩვენებლებთან და ავლენს, რომ საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის წლიური შესრულება დაუახლოვდება ბიუჯეტის კანონით გეგმურ განსაზღვრულ მაჩვენებელს (შესაძლებელია გადახრა გადაჭარბების მიმართულებით).
• რაც შეეხება სხვა შემოსავლების კომპონენტს, სხვა შემოსავლების ცალკეული მუხლებიდან, შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციით ხასიათდება შემოსავლები საკუთრებიდან, ძირითადად დივიდენდების მუხლით შემოსავლების დაბალი შესრულების ტენდენციის გავლენით. კერძოდ, დივიდენდების მუხლით შემოსავლები 2014 წლის 11 თვის მდგომარეობით 194.2 ათას ლარს და წლიური გეგმის (55 მლნ ლარი) მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს. როგორც ფინანსთა სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში იყო მითითებული, სახელმწიფო მიდგომის გათვალისწინებით და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე წლის შემოსავლების დინამიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული აღნიშნული თანხების საწარმოების განკარგულებაში დატოვება, მათი ეკონომიკური სტიმულებისა და აქტივობის წახალისების მიზნით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის განკარგულება ან სხვა ნორმატიული აქტი წარმოდგენილი არ არის.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში ძირითადად 80%-100%-ის ინტერვალში მერყეობს. თუმცა საყურადღებოა, რომ შედარებით დაბალი ათვისების ტენდენცია ვლინდება ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართი 2 და დანართი 3).
• რაც შეეხება ათვისების თვიურ დინამიკას, ვლინდება ცალკეული მხარჯავი დაწესებულებები და პროგრამები, რომელთათვისაც ნოემბრის თვის შესრულება გასული 10 თვის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება(ინფორმაცია იმ მხარჯავი დაწესებულებების/პროგრამების შესახებ, რომელთათვისაც ნომებრის თვის შესრულების ფარდობა 2014 წლის პირველი 10 თვის შესრულების საშუალო მაჩვენებელთან 150%-ს აღემატება, წარმოდგენილია ანგარიშის შესაბამის ნაწილში).
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 2014 წლის 11 თვის მდგომარეობით 56.8 მლნ ლარს, ხოლო გადარიცხული სახსრები- 41.8 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 84%-ს შეადგენს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების განაწილება მიზნობრიობის მიხედვით წარმოდგენილია ანგარიშში. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2014 წლის 11 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამურმა მოცულობამ 252.6 მილიონი ლარი და წლიური გეგმის 84.2% შეადგინა.
• გადასახდელების ანალიზისას საყურადღებოა შრომის ანაზღაურების მუხლით გადასახდელების სტრუქტურა - 2014 წლის 11 თვის მდგომარეობით, შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება 2014 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში არსებული ტენდენციისგან. კერძოდ, ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია პრემიის წილი შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯებში, თუმცა საწინააღმდეგო ტენდენციას ავლენს დანამატის სახით გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი.
საშინაო და საგარეო ვალდებულებების დინამიკა
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივმა შესრულებამ 2014 წლის 11 თვის მდგომარეობით 523.8 მლნ ლარი შეადგინა(წლიური გეგმა - 600 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 848.5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 310 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები.
• რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ 2014 წლის 11 თვის მდგომარეობით 201.0 მლნ ლარი და წლიური დამტკიცებული გეგმის 139.6% შეადგინა. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებულმა შემოსულობამ ჯამურად, 613.4 მლნ ლარი და წლიური დაზუსტებული ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის მხოლოდ 59.2% შეადგინა.