ფისკალური გარემო მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში
• 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი და ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები ეყრდნობა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2018 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა 4.5%; ინფლაცია 3.5%; იმპორტის ზრდა (8.9%) და 2017 წლისთვის ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის და იმპორტის ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებლებს, შესაბამისად 4%, 4%-ის და 2.3%-ის ოდენობით.
• საშუალოვადიანი პერიოდისათვის ამ ეტაპზე წარდგენილი პროგნოზები წარმოადგენს გასულ ვერსიასთან შედარებით უფრო კონსერვატულ სცენარს და არსებითად უახლოვდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ პროგნოზებს, რომლებიც პარლამენტს წარედგინა მიმდინარე წლის ივნისში.
• მაკროეკონომიკური გარემოს საბაზისო სცენართან მიმართებაში, საყურადღებო კომპონენტს წარმოადგენს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროების დინამიკა, კერძოდ, ვალდებულებების წმინდა ზრდა (ვალდებულებების აღება დაფარვის ამორიცხვით), რომელიც საშუალოვადიან პერიოდში ნარჩუნდება საშუალოდ 1.2-1.3 მლრდ ლარის ფარგლებში.
• რაც შეეხება მაკროეკონომიკური გარემოს პოზიტიური სცენარს, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წლისათვის 200 მლნ-ით იზრდება საბაზისოსთან შედარებით. აღნიშნულის პასუხად, წარმოდგენილი სცენარით არაა გათვალისწინებული მიმდინარე ან ე.წ. კაპიტალური ხარჯების ზრდა. ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროები კვლავ განსაზღვრულია საბაზისო სცენარის დონეზე და საგადასახადო შემოსავლების გაზრდილი ოდენობით დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.
• ნეგატიური სცენარის შემთხვევაში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წლისათვის 197 მლნ-ით მცირდება საბაზისოსთან შედარებით. აღნიშნულ სცენარში მთავრობის პოლიტიკის პასუხად წარმოდგენილია მიმდინარე ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის საბაზისო დონეზე შენარჩუნება და ამისათვის 2018 წლისათვის გათვალისწინებულია საბაზისოსთან შედარებით კაპიტალური ხარჯების შემცირება ამავე ოდენობით.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები
• 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2018 წლისთვის განსაზღვრულია 12.298 მლნ ლარის დონეზე, რაც 2017 წლის გეგმურ მაჩვენებლის დონეს აჭარბებს 7%-ით, 841 მლნ ლარით. აღნიშნული საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულია წინა წელთან შედარებით შემოსულობების 10%-იანი ზრდა, ხოლო 2016 წელს ზრდის ტემპი 5%-ს შეადგენს.
• შემოსავლების საპროგნოზო სიდიდე 2017 წლის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 630 მლნ ლარით და შეადგენს 10,120 მლნ ლარს, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების 650 მლნ ლარის ოდენობით ზრდის გავლენით. ამასთან, თუ შემოსავლების ზრდის ტემპი 2016 წელს 5%-ს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულია 10.6%-იანი ზრდა, წარმოდგენილი კანონპროექტით აღნიშნული მაჩვენებელი მცირდება 6.6%-მდე
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ჯამური საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 10,151 მლნ ლარს, რაც უახლოვდება მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელს (ნაკლებია მცირედით - 89 მლნ ლარით (0.9%)), მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები მცირედით აღემატება მთავრობის საბაზისო სცენარით განსაზღვრულ მაჩვენებლებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი კანონპროექტს თანდართული 2018-2021 წწ. ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები 9,441 მლნ. ლარს უტოლდება და 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 347 მლნ ლარით აღემატება, მათ შორის სახელმწიფო მოხმარების (შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება) ზრდის მაჩვენებელი 88 მლნ. ლარს შეადგენს. ამავდროულად, არსებითად იზრდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის საპროგნოზო მოცულობა 2,647 მლნ. ლარს უტოლდება და 2017 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელზე 985 მლნ. ლარით (59.3%-ით) მეტია.
• 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 12,365 მლნ ლარის დონეზე და 2017 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 8.3%-ს შეადგენს.
• რაც შეეხება გადასახდელებს ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით გათვალისწინებულია არსებითი ზრდა გადასახდელების ყველა კომპონენტისთვის, გარდა ფინანსური აქტივების ზრდის მუხლისა. კერძოდ, ხარჯების(ე.წ. მიმდინარე ხარჯების) ზრდის მაჩვენებელი 383 მლნ ლარს (4.2%-ით), ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების(ე.წ. კაპიტალური ხარჯების) ზრდის მაჩვენებელი 434 მლნ ლარს(43.5%-ს) შეადგენს. არსებითად იზრდება ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელები - 264 მლნ ლარით(50.2%-ით), ძირითადად საგარეო ვალდებულებების კლების მუხლით.
• რაც შეეხება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახდელებს, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული ტიპის გადასახდელების გეგმური მაჩვენებლის ზრდა 244.2 მლნ ლარით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით, რაც ძირითადად უკავშირდება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის მუხლით გადასახდელების 330 მლნ ლარით (33%-ით) ზრდას (ვალდებულებებთან დაკავშირებით დეტალურად წარმოდგენილია ანგარიშის შესაბამის ნაწილში (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების დინამიკა). ასევე გათვალისწინებულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გადასაცემი ტრანსფერების მოცულობის ზრდა 44.9 მლნ ლარით.
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების დინამიკა
• საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით გათვალისწინებულია ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ზრდა საგარეო წყაროებიდან მიღებული ვალდებულებების 245 მლნ ლარის ოდენობით ზრდის გავლენით. კერძოდ, ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები განსაზღვრულია 2,038 მლნ ლარის დონეზე, რაც 2017 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელს 245 მლნ ლარით (14%) აღემატება.