ფისკალური გარემო მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში
- ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2017 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა 4%; ინფლაცია 4%. აღნიშნული სცენარის შემთხვევაში, მიმდინარე წელთან მიმართებაში 2017 წლისათვის მიმდინარე წელთან შედარებით გათვალისწინებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 1.9%-ით და მიმდინარე ხარჯების - 4.7%-ით (396 მლნ ლარით) ზრდა, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მაჩვენებლის შემცირება 5.2%-ით(93 მლნ ლარით).
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, გასული წლის მსგავსად, საყურადღებოა მაკროეკონომიკური გარემოს განსხვავებული საშუალოვადიანი სცენარების შემთხვევაში მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის პასუხები. მაკროეკონომიკური გარემოს პოზიტიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, მთავრობის მიერ გათვალისწინებულია მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საბაზისო სცენარის დონეზე შენარჩუნება და შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის გაუმჯობესება. აღნიშნული, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მოითხოვს მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, რაც შესაძლებელია რთულად განსახორციელებელი იყოს. რაც შეეხება მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარებას, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მთავრობის მიერ გათვალისწინებულია ბიუჯეტის დეფიციტის საბაზისო დონეზე შენარჩუნება კაპიტალური ხარჯების შემცირების ხარჯზე, რამაც საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, შესაძლოა კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედოს ეკონომიკურ აქტივობაზე საშუალოვადიან პერიოდში.
- რაც შეეხება ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკას, ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისათვის (GFSM 2001) მშპ-სთან მიმართებაში -1.9%ს შეადგენს, და 2016 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით (-1.1%) შემცირების(გაუარესების) ტენდენციას ავლენს. ანალოგიური დინამიკით ხასითდება მთლიანი ფისკალური ბალანსი, კერძოდ 2016 წლისათვის მოსალოდნელი მაჩვენებელი -3%-ს, ხოლო 2017 წლისათვის_ -3.7%-ს უტოლდება. მიუხედავად ამისა, 2017 წლისათვის ციკლურად კორექტირებული და სტრუქტურული ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით უცვლელია, ხოლო ციკლურად კორექტირებული და სტრუქტურული ბიუჯეტის ფისკალური ბალანსი გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2017 წლისთვის განსაზღვრულია 10,555 მლნ ლარის დონეზე, რაც 2016 წლის გეგმურ მაჩვენებელს აჭარბებს 410 მლნ ლარით(4%-ით). შემოსულობების აღნიშნული ზრდა უკავშირდება ერთი მხრივ, შემოსავლების 160 მლნ ოდენობით(საგადასახადო შემოსავლების 190 მლნ ლარით ზრდის გავლენით) და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების 385 მლნ ლარის ოდენობით ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების(მათ, შორის პრივატიზება) 135 მლნ ლარით(60%-ით) შემცირებას.
- გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი წინა ორი წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით შემცირების ტენდენციას ავლენს, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპის ანალოგიური დინამიკის გავლენით. კერძოდ, 2017 წლის კანონპროექტით შემოსავლების ზრდის ტემპი შეადგენს 1.9%-ს, მაშინ როდესაც 2015-2016წწ.-ებისათვის შემოსავლების ზრდის(ფაქტობრივი/მოსალოდნელი) ტემპი შესაბამისად, 9.9%-ს და 4.7%-ს უტოლდება. აღნიშნული დინამიკა ძირითადად უკავშირდება ერთი მხრივ, საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით 2016 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახის მიმართვას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში, ხოლო მეორე მხრივ, 2017 წლიდან საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების ამოქმედებას, რომლის საფუძველზეც დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება.
- გადასახადების ცალკეული სახეებისათვის, 2017 წლის კანონპროექტით მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით ყველაზე მასშტაბური შემცირება გათვალისწინებულია მოგების გადასახადისათვის 457 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადისათვის და დღგ-სათვის გათვალისწინებულია ზრდა შესაბამისად, 357 მლნ ლარის და 210 მლნ ლარის ოდენობით.
- რაც შეეხება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ პროგნოზებთან შედარებას, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელი საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე წლისათვის 120 მლნ ლარით, ხოლო 2017 წლისათვის კი - 309 მლნ ლარით ნაკლებია მთავრობის მიერ წარდგენილ პროგნოზზე. თუმცა საშუალოვადიანი პერიოდისათვის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზები უახლოვდება მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგნოზებს. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, კანონპროექტით წარდგენილი გეგმური მაჩვენებლების შედარება გადასახადების ცალკეული სახეებისათვის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ პროგნოზებთან 2016 და 2017 წწ. სათვის არსებით განსხვავებას არ ავლენს, გარდა საშემოსავლო გადასახადისა. კერძოდ, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისათვის 350 მლნ ლარით ნაკლებია კანონპროექტით წარმოდგენილ გეგმურ მაჩვენებელზე, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ამავე გადასახადის მიმდინარე წლის მობილიზების განსხვავებულ შეფასებას: საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ასევე 2016 წლისათვის 130 მლნ ლარით ნაკლებია 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელზე (პსო-ს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ ავტონომიურ რესპუბლიკებში საშემოსავლო გადასახადის სახით მიმართული სახსრები შენარჩუნდება 2015 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლის დონეზე (170 მლნ ლარი), ხოლო ადგ. თვითმმართველ ერთეულებში მიმართული სახსრები შენარჩუნდება 2016 წლის არსებული ფაქტობრივი მაჩვენებლის დონეზე (258 მლნ ლარი)). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის პროექტით წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი დამატებით განმარტებას საჭიროებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
- 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 10,555 მლნ ლარის დონეზე და 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 4%-ს შეადგენს. გადასახდელების ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 243 მლნ ლარს (2.8%-ს), ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების ზრდის მაჩვენებელი 102 მლნ ლარს (25.1%-ს), ხოლო ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელების ზრდის მაჩვენებელი 56 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებს (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 2016 წლის დონეზეა შენარჩუნებული(ზრდა 8 მლნ ლარით, 1.1%-ით). მიმდინარე ხარჯების ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის და საქონლისა და მომსახურების მუხლით ხარჯების ზრდას.
- მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გადასახდელების მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით ყველაზე დიდი ოდენობით ზრდა(ნომინალური გამოსახულებაში) გათვალისწინებულია შემდეგი მხარჯავი დაწესებულებებისათვის: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო(168 მლნ ლარით), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო(136.4 მლნ ლარით), საქართველოს თავდაცვის სამინისტრო(73.2 მლნ ლარით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო(49.8 მლნ ლარით). ხოლო ყველაზე დიდი ოდენობით შემცირება შემდეგი მხარჯავი დაწესებულებებისათვის: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო(83.2 მლნ ლარით), საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო(14 მლნ ლარით), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო(10 მლნ ლარით), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო(7.8 მლნ ლარით).
- რაც შეეხება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახდელებს, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯამური გეგმური მაჩვენებლის ზრდა 94.4 მლნ ლარით მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით. გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით ასიგნებების ზრდა არაა გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდისათვის ან რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდისათვის, თუმცა მიმდინარე წლის 8 თვის მდგომარეობით პროგრამებს შორის გადანაწილების საფუძველზე ასიგნებების ზრდა განხორციელდა ორივე ზემოაღნიშნული ფონდისათვის (კერძოდ, 2016 წლის კანონით, მთავრობის სარეზერვო ფონდის წლიური გეგმა 50 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა, თუმცა 8 თვის მდგომარეობით, ნორმატიული აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა 155.1 მლნ ლარს, ხოლო საკასო შესრულება - 57.7 მლნ ლარს შეადგენს).
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებები
- წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები 2017 წლისათვის განსაზღვრულია 1,660 მლნ ლარის დონეზე, რაც 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელზე 385 მლნ ლარით (30.2%) მეტია. საყურადღებოა, რომ 2016 წლის კანონით 2015 წელთან შედარებით გათვალისწინებულია ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შემცირება 86.4 მლნ ლარით.
- კანონპროექტით წარმოდგენილი სახელმწიფო ვალის 2017 წლის საპროგნოზო ზღვრული მაჩვენებლის ფარდობა მშპ-სთან ნომინალური მშპ-ს BDD-ით წარმოდგენილ საპროგნოზო მაჩვენებლებთან მიმართებაში 2016 წლისათვის 42.3%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 42.1%-ს შეადგენს, თუმცა ამავე BDD-ში განსხვავებული მოსალოდნელი ფარდობითი მაჩვენებლებია წარმოდგენილი(39.9% და 40.8%, შესაბამისად). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული უკავშირდება საპროგნოზო ზღვრული მოცულობის გაანგარიშებისას სხვადასხვა ვალუტებს შორის მოსალოდნელი გაცვლითი კურსების შეფასებას. თუმცა, მიზანშეწონილია დეტალურად განმარტებულ იქნას წარმოდგენილ მაჩვენებლებში სხვაობა.