Print this page

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა

,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მიხედვით შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 173 მლნ ლარით (1.7%-ით) და შეადგენს 10,318 მლნ ლარს.

კანონპროექტის მიხედვით, შემოსულობების აგრეგატული მაჩვენებლის ცვლილება ითვალისწინებს  საგარეო წყაროდან - გრანტებისა და კრედიტების სახით მოზიდული სახსრების და აგრეთვე, საშინაო წყაროდან - საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების მაჩვენებლის ცვლილებას (საგადასახადო და სხვა შემოსავლების, ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების გეგმური მაჩვენებლები უცვლელია. შედეგად, შემოსავლების მაჩვენებელი მცირდება 8 მლნ ლარით, ხოლო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების სიდიდე იზრდება 181 მლნ ლარით). კერძოდ:

  • გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები მცირდება 8.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 246.8 მლნ ლარით
  • ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი იზრდება 181.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 1,456.2 მლნ ლარის დონეზე

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, წარმოდგენილი ცვლილებით გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 153 მლნ ლარით (2%-ით)  2016 წლის ბიუჯეტის კანონით გადასახდელების ჯამური მაჩვენებელთან და  განსაზღვრულია 10,298 მლნ ლარის დონეზე და 2015 წელთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 6.1%-ს შეადგენს. ერძოდ:

  • შემცირებულია არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) გეგმური მოცულობა 36 მლნ ლარით: 2016 წლის 10 თვის მდგომარეობით, აღნიშნული კომპონენტის შესრულება გადასახდელებიდან ყველაზე დაბალი შესრულებით(წლიური გეგმის 69%) ხასიათდება;
  • იზრდება ხარჯების(ე.წ. მიმდინარე ხარჯები) გეგმური მაჩვენებელი 128 მლნ ლარით და ფინანსური აქტივების ზრდა 62 მლნ ლარით;
  • ვალდებულებების კლების კომპონენტი უცვლელი რჩება.