სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი
Print this page

სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი

ვალის მდგრადობის ანალიზი არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში პასუხობს კითხვაზე, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყნისათვის (ან/და მთავრობისათვის) მოემსახუროს ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. უმეტეს შემთხვევებში, ანალიზი არ განიხილავს ისეთ სიტუაციას, სადაც აუცილებელია ვალის რესტრუქტურიზაცია, ვალაუვალობის გამოცხადება (დეფოლტი) ან/და არსებული ფისკალური პოლიტიკის არსებითი ცვლილება.
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული მაკრო-ფისკალურ პროგნოზებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი მიუთითებს, რომ საბაზისო სცენარის შემთხვევაში, თავდაპირველი ზრდის შემდგომ (2016 წელს მშპ-ს 44.4%) მოსალოდნელია ვალის ფარდობითი მაჩვენებლის შემცირება (2020 წელს მშპ-ს 40.0%). აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2014 წლისათვის აღნიშნულმა ფარდობამ 35.6% შეადგინა. რაც შეეხება ცალკეულ მაკრო-ფისკალურ შოკებს(ეკონომიკური ზრდის შოკი, პირველადი დეფიციტის შოკი, ნომინალური გაცვლითი კურსის შოკი, რეალური საპროცენტო განაკვეთის შოკი), ვალის ტვირთის დინამიკაზე ყველაზე მაღალი გავლენა ეკონომიკური ზრდისა და ნომინალური გაცვლითი კურსის ერთჯერად შოკებს აქვს. კერძოდ, პირველ შემთხვევაში სახელმწიფო ვალის ტვირთი 2017 წლისათვის მშპ-ს 48%-მდე იზრდება. შემდგომ პერიოდში კი კლების ნელი ტემპით ხასიათდება. ნომინალური გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში კი ვალის ტვირთი 2015 წელს მშპ-ს 48.6%-ს აღწევს, ხოლო 2020 წლისათვის მშპ-ს 43.8%-ს დონემდე მცირდება.
მიუხედავად ვალის მდგრადობის ანალიზის ცალკეული შეზღუდვებისა, წარმოდგენილი ანალიზის შედეგად გამოვლენილი გარემოებები იძლევა იმ ძირითადი რისკების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რომლებზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი განახლდება წლის განმავლობაში, მთავრობის ოფიციალური და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელი მაკრო-ფისკალური პროგნოზების განახლების პარალელურად.