„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა-III წარდგენა
Print this page

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა-III წარდგენა

ფისკალური გარემო მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში
• ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2016 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა 3%; ინფლაცია 5.5%. აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, 2016 წლისათვის მიმდინარე წელთან მიმართებაში გათვალისწინებულია ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების ზრდა 673.4 მლნ ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) შემცირება 62.3 მლნ ლარით.
• გარდა ზემოაღნიშნულისა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს თან ერთვის ინფორმაცია ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების შესახებ, რომელიც ასახავს მაკროეკონომიკური გარემოს განვითარების ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს და ფისკალური პოლიტიკის შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს. ასევე საყურადღებოა, რომ ფისკალური სექტორის რისკების შესახებ ინფორმაცია მოიცავს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებთან დაკავშიებულ ინფორმაციასაც.
• მაკროეკონომიკური გარემოს პოზიტიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, საბაზისო სცენართან შედარებით წარმოდგენილი მაჩვენებლებით გათვალისწინებულია მიმდინარე და არაფინანსური აქტივების შეძენის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჯამში განაპირობებს ბიუჯეტის დეფიციტის გაუმჯობესებას. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ოპტიმისტური სცენარით გათვალისწინებული ფისკალური პოლიტიკის პასუხები, მოითხოვს მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, რაც შესაძლებელია რთულად განსახორციელებელი იყოს.
• რაც შეეხება მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარებას, აღნიშნული სცენარისათვის მთავრობის პოლიტიკის პასუხად, 2016 წლისათვის და საშუალოვადიან პერიოდში გათვალისწინებულია საბაზისოსთან შედარებით კაპიტალური ხარჯების შემცირება, თუმცა საბაზისო სცენარის დონეზე ნარჩუნდება მიმდინარე ხარჯების ოდენობა. ამასთან პოლიტიკის პასუხად მითითებულია „2017 წლის ბიუჯეტში 2016 წლის კაპიტალური ხარების დანაკარგების კომპენსირება და მიმდინარე ხარჯების ზრდის შეჩერება". პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში გათვალისწინებული პოლიტიკის პასუხები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის შენელების პასუხად კაპიტალური ხარჯების არსებითი შემცირება კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პოლიტიკის პასუხებში ნახსენები დანაკარგების 2017 წელს კომპენსირების და მიმდინარე ხარჯების ზრდის შეჩერება მოითხოვს კიდევ უფრო მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, ვიდრე საბაზისო სცენარის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
• რაც შეეხება ძირითად ფისკალურ ინდიკატორებს, აღნიშნული ინდიკატორების დინამიკა შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ფისკალური პოლიტიკის განსაზღვრული მიმართულება (მასტიმულირებელი თუ შემზღუდველი) და ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკური ციკლის ეტაპის გათვალისწინებით (ფისკალური პოლიტიკის ანტიციკლურობა-ანუ ეკონომიკური ციკლის გავლენის შემსუბუქება თუ პროციკლურობა). წარმოდგენილი მაჩვენებლებით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლისათვის (GFSM 2001) მშპ-სთან მიმართებაში 1.1%-ს შეადგენს და 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტენდენციას ავლენს. მთლიანი ფისკალური დეფიციტის მოცულობა კი მშპ-ს 3%-ის დონეზე ნარჩუნდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები
• 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2016 წლისთვის განსაზღვრულია 10,145 მლნ ლარის დონეზე და ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 225.0 მლნ ლარით (2.3%-ით), ძირითადად შემოსავლების (კერძოდ კი გადასახადების), აგრეთვე, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით შემოსულობების მატების გავლენით. შესაბამისად, 2015 წელთან შედარებით შემოსულობების ზრდის მაჩვენებელიც იმატებს 400.0 მლნ ლარით (4.1%-ით).
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2016 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ჯამური საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 8,033 მლნ ლარს, რაც 2016 წლისთვის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ გეგმას 53.4 მლნ ლარით (0.7%-ით) აჭარბებს. აღნიშნული სხვაობა ძირითადად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებლები აღემატება წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს მოგების გადასახადისა (127.1 მლნ ლარით) და დამატებული ღირებულების გადასახადისათვის (69 მლნ ლარით).
• კანონპროექტით, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 30.0 მლნ ლარით და შეადგენს 320.0 მლნ ლარს. ცვლილება ძირითადად ეხება შერეულ და არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს, რომლის გეგმური მოცულობაც იზრდება 26.2 მლნ ლარით, 107.2 მლნ ლარამდე.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 10,145 მლნ ლარის დონეზე და 2015 წლის ბიუჯეტის კანონით (მიმდინარე წლის 27 ნოემბერს დამტკიცებული 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი) განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 5.5%-ს შეადგენს.
• გადასახდელების ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელებისათვის მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით გათვალისწინებულია ზრდა ხარჯებისა და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლის გადასახდელებისათვის და შემცირება ეხება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებს (ე.წ. კაპიტალური ხარჯები).
• რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, გადასახდელების ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით გათვალისწინებულია ზრდა როგორც ხარჯების, ისე არაფინანსური აქტივების ზრდისა და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლის გადასახდელებისათვის. კერძოდ, ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 433.1 მლნ ლარს (5.3%-ით), არაფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი 51 მლნ ლარს (7.3%-ით), ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების ზრდის მაჩვენებელი 70.8 მლნ ლარს (21.1%-ს) შეადგენს.
• რაც შეეხება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახდელებს, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული ტიპის გადასახდელების გეგმური მაჩვენებლის შემცირება 257.9 მლნ ლარით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით, რაც ძირითადად უკავშირდება ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების 233.1 მლნ ლარით (27.3%-ით) და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 105.0 მლნ ლარით (27.3%-ით) შემცირებას. აღნიშნული თავის მხრივ დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების საფუძველზე, 2016 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულების ბიუჯეტში მიიმართება საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახე (ჯამურად, დაახლოებით 300 მლნ ლარი) მუნიციპალიტეტების დაფინანსების მიზნებისთვის.
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების დინამიკა
• საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის (III) მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით გათვალისწინებულია ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შემცირება, უმეტესად საშინაო წყაროებიდან მისაღები შემოსულობების შემცირების ხარჯზე. კერძოდ, საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები განსაზღვრულია 200 მლნ ლარის დონეზე, რაც 2015 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელზე 115 მლნ ლარით (-36.5%) ნაკლებია, ხოლო საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლით მისაღები შემოსულობების გეგმა გაზრდილია 59 მლნ ლარით.