საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ძირითადად შესაბამისობაშია ფისკალური პოლიტიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ამოცანებთან საშუალოვადიანი პერიოდისათვის. კერძოდ, პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით ყველა დიდი ზრდა გათვალისწინებულია რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმის(176 მლნ ლარი), ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის(160 მლნ ლარი), განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადების(86 მლნ ლარი), სოფლის მეურნეობის(70 მლნ ლარი) პრიორიტეტებისათვის. ამავდროულად გათვალისწინებულია ბიუჯეტის როგორც საოპერაციო, ისე მთლიანი სალდოს გაუმჯობესება და ფისკალური დეფიციტის შემცირება მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2015 წლისათვის
- კანონპროექტზე თანდართული „2015-2018 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების" დოკუმენტში მოცემული 2014 და 2015 წლების საპროგნოზო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არსებით გადახრას არ ავლენს ალტერნატიული წყაროთა მიერ მოცემულ პროგნოზებთან.
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 465 მლნ ლარით(5.1%-ით), კომპონენტების დონეზე ძირითადად შემოსავლების 771 მლნ ლარის ოდენობით(10.5%) ზრდის გავლენით. ამავდროულად, დაგეგმილია ვალდებულებების ზრდის(როგორც საგარეო, ისე საშინაო) მუხლით შემოსულობების შემცირება 306 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო არაფინანსური(პრივატიზება) და ფინანსური აქტივების კლების(სესხების დაფარვით მიღებული სახსრები) მუხლით შემოსულობების მოცულობა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონის დონეზე, შესაბამისად, 80 და 70 მლნ ლარის დონეზეა განსაზღვრული.
- წარმოდგენილი კანონპროექტით საგადასახადო შემოსავლების ჯამური მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 11.4%-ით. თუმცა დაგეგმვის პროცესის რეალისტურად წარმოსადგენად მიზანშეწონილია 2015 წლის წარმოდგენილი მაჩვენებლები განხილულ იქნას არა მხოლოდ 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან, არამედ მიმდინარე წლის მოსალოდნელ მაჩვენებლებთან მიმართებაში, რომლებიც ითვალისწინებს მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით მობილიზების ტენდენციებს. საბიუჯეტო ოფისის მიერ გასული წლების მობილიზების ტენდენციებსა და ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით გაანგარიშებულ მიმდინარე წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით 2015 წლის საგადასახადო შემოსავლების ჯამური მოცულობა დაახლოებით 6.9%-ით იზრდება, რაც წარმოდგენილი მაკროეკონომიკური სცენარის გათვალისწინებით, რეალისტურად შეიძლება შეფასდეს. თუმცა საყურადღებოა გადასახადების ცალკეული ტიპების მიხედვით შემოსავლების დინამიკა. კანონპროექტით გათვალისწინებულია მოგების გადასახადის 12.0%-ით ზრდა მიმდინარე წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, რაც გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე დამატებით დასაბუთებას საჭიროებს. რაც შეეხება გადასახადების სხვა ტიპებს, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, გასული და მოსალოდნელი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, შეიძლება მიჩნეულ იქნას, რომ საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადებისათვის კანონპროექტით წარმოდგენილია მობილიზების კონსერვატული გეგმური მაჩვენებლები.
- საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებლების სრულყოფილად შეფასებისათვის ოფიციალურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე დაყრდნობით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გაანგარიშებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დამოუკიდებელი საპროგნოზო მაჩვენებლები. საპროგნოზო მაჩვენებლები მომზადებულ იქნა მიმდინარე 2014 წლის შემოსავლების მობილიზების სამი განსხვავებული სცენარისათვის(დეტალურად, იხ. დასკვნის შესაბამისი ნაწილი). მიმდინარე წლის 9 თვის მობილიზების ტენდენციების გათვალისწინებით გაანგარიშებული 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების შედარება ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილ მაჩვენებლებთან იმავე ტენდენციებზე მიუთითებს, რაზეც ზემოთმოცემული შეფასებისას იქნა აღნიშნული. კერძოდ, 2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საბიუჯეტო ოფისის მიერ გაანგარიშებული ჯამური მოცულობა შეადგენს 7,847 მლნ ლარს, რაც 2015 წლისთვის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ წლიურ მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. გადასახადების ცალკეული ტიპების მიხედვით, საპროგნოზო მაჩვენებლები წარმოდგენილია დასკვნის შესაბამის ნაწილში.
- გარდა ზემოაღნიშნულისა, დასკვნაში წარმოდგენილია ინფორმაცია საგადასახადო შემოსავლების სენსიტიურობის შესახებ რეალური მშპ-ს ზრდის ტემპისა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლების ოფიციალური პროგნოზებისაგან 1%-ითა და 0.5%-ით გადახრების შემთხვევაში მიმდინარე წლის მობილიზების ტენდენციების გათვალისწინებით საბიუჯეტო ოფისის მიერ გაანგარიშებულ 2014 წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ოფიციალური საპროგნოზო მაჩვენებლებისაგან რეალური მშპ-ს ზრდისა ან ინფლაციის ზრდის მიმართულებით 1%-იანი გადახრის შემთხვევაში(დამოუკიდებლად), ბიუჯეტის წარმოდგენილი გეგმური მაჩვენებლისაგან საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის გადახრა 2.4%-ს უტოლდება, ხოლო 0.5%-იანი გადახრის შემთხვევაში საშუალოდ - 1.5%-2.0%-ს. რაც შეეხება გადახრებს კლების მიმართულებით, რეალური მშპ-ს ზრდისა ან ინფლაციის კლების მიმართულებით 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც კი, საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ბიუჯეტით წარმოდგენილ გეგმურ მაჩვენებელს აჭარბებს 0.7%-ით, ხოლო 0.5%-იანი გადახრის შემთხვევაში - 1.1%-ით. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კანონის პროექტით წარმოდგენილია საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის კონსერვატული გეგმა (დეტალურად გადასახადების ტიპების სენსიტიურობის შესახებ მაკროცვლადების გადახრების მიმართ, იხ. დასკვნის შესაბამისი ნაწილი და დანართი 2).
- წარმოდგენილი კანონპროექტით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით, გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების შემცირება, ჯამური მოცულობით 80 მლნ ლარი, რაც ძირითადად საკუთრებიდან შემოსავლების, კერძოდ, კი დივიდენდების მუხლის გეგმის 50 მლნ ლარის ოდენობით შემცირებას უკავშირდება. გასათვალისწინებელია, რომ ერთი მხრივ, 2014 წლის 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის დივიდენდების მუხლით მიმართულ იქნა წლიური გეგმის 0.3%. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 2015 წლისათვის
- წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჯამური მოცულობის ზრდა გათვალისწინებულია 5%-ის დონეზე, 440 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის გათვალისწინებულია ხარჯებისა(მიმდინარე ხარჯები) და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების(კაპიტალური ხარჯები) ზრდა შესაბამისად, 6%-ითა და 16%-ით. რაც შეეხება ფინანსური აქტივების ზრდას(სესხების გაცემა და აქციების/წილის ზრდა) გათვალისწინებულია აღნიშნული მუხლით გადასახდელების ზრდა 69 მლნ ლარით, როგორც სესხების, ისე აქციებისა და სხვა კაპიტალის კომპონენტებში.
- რაც შეეხება დინამიკას მხარჯავი დაწესებულებებისა და პროგრამების დონეზე, 2015 წლის წარმოდგენილი კანონპროექტით, 2014 წლის წლის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში, ასიგნებების ზრდა გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის 27 მხარჯავი დაწესებულებისათვის(მათ შორის, 5 ახალი მხარჯავი დაწესებულებაა), კლების მიმართულებით იცვლება 4 მხარჯავი დაწესებულების, ხოლო 2014 წლის კანონით გათვალისწინებულ გეგმურ დონეზეა შენარჩუნებული 16 მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების მოცულობა(დეტალურად იხ. დასკვნის შესაბამისი ნაწილი).
- რაც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს, წარმოდგენილი კანონპროექტით, ჯამური მოცულობა შეადგენს 2,011 მლნ ლარს, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმაზე 64 მლნ ლარით, ხოლო პირველი წარდგენისას წარმოდგენილ გეგმაზე- 21 მლნ ლარით ნაკლებია. პირველ წარდგენასთან შედარებით სხვაობა ძირითადად უკავშირდება მთავრობის სარეზერვო ფონდის გეგმური მოცულობის შემცირებას პირველ წარდგენასთან შედარებით 20 მლნ ლარით - წარმოდგენილი კანონპროექტით, მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა, ისევე როგორც 2014 წლის ბიუჯეტის კანონით, განსაზღვრულია 50 მლნ ლარის დონეზე. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა პროგრამებს პირველი წარდგენით მოცემულ მაჩვენებლებთან შედარებით არსებითი ცვლილება არ განუცდია. მიმდინარე წელთან შედარებით შემცირების ტენდენცია ძირითადად დაკავშირებულია საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის პროგრამის 175 მლნ ლარის ოდენობით შემცირებასთან. კანონპროექტით გათვალისწინებულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების ზრდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით 58.1 მლნ ლარის ოდენობით. ანალოგიურად 50 მლნ ლარის ოდენობით იზრდება და 300 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი. თუმცა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გეგმური მაჩვენებლების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ არსებული კანონმდებლობით წლის განმავლობაში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების პროგრამებს შორის სახსრების განაწილებაზე %-ული ლიმიტი განსაზღვრული არ არის.
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების დინამიკა
- საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით, ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები განსაზღვრულია 1,330 მლნ ლარის დონეზე, რაც მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებელზე 18.7%-ით ნაკლებია. აღნიშნული უკავშირდება საშინაო ვალდებულებებისა (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) და საგარეო ვალდებულებების (სესხები) მუხლით შემოსულობების შემცირებას, შესაბამისად 200 მლნ-თა და 106 მლნ ლარის ოდენობით. ანალოგიურ ტენდენციას ავლენს ვალდებულებების კლების კომპონენტი, რომელიც 189 მლნ ლარით მცირდება, ძირითადად საგარეო ვალდებულებების დაფარვის შემცირების გავლენით.
- რაც შეეხება საშინაო ვალდებულებების დინამიკას, დაგეგმილია საშინაო ვალდებულებების ზრდის (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) მუხლით შემოსულობების შემცირება მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით 400 მლნ ლარის დონემდე. აღნიშნული უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის 200 მლნ ლარის ოდენობით სახაზინო ობლიგაციებისა და ვალდებულებების გამოყენება, რაც 2014 წლის ბიუჯეტის კანონით იყო განსაზღვრული. 400 მლნ ლარის წმინდა ზრდა, აღრიცხვის არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, ითვალისწინებს 2015 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შედეგად სახელმწიფო საშინაო ვალდებულებების ზრდას 897 მლნ ლარის, ხოლო დაფარვას − 497 მლნ ლარის ოდენობით. რაც შეეხება საშინაო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვას, აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლისათვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით 46 მლნ ლარით იზრდება, ძირითადად საპროცენტო ხარჯების ზრდის გავლენით.
- წარმოდგენილი კანონპროექტით. მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლებთან მიმართებაში ვალის კოეფიციენტი 34.7%-იდან 35.7%-მდე იზრდება, თუმცა მცირედით იცვლება სახელმწიფო ვალის სტრუქტურა, კერძოდ, მცირდება სახელმწიფო საგარეო ვალის კოეფიციენტი მშპ-სთან მიმართებაში 27.2%-დან 26.8%-მდე.