Print this page

დასკვნა "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე

 

შემაჯამებელი მიმოხილვა


„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებთან დაკავშირებით:
• საბიუჯეტო ოფისი მიზანშეწონილად მიიჩნევს სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო რეგულირების საკითხების საბიუჯეტო კოდექსის ჩარჩოებში მოქცევას, რამდენადაც, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების მართვის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.
კერძოდ: წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ფინანსების კონსოლიდირებული მართვის მიზნით კონსოლიდირების პრინციპი გავრცელდება ყველა დონის ბიუჯეტების გადასახდელებზე. ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოექცევა ყველა დონის ბიუჯეტის და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის (მ.შ. სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და ასევე ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულების) შემოსულობები და გადასახდელები. საბიუჯეტო კოდექსის რეგულაციის ქვეშ ექცევა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო პროცესის ეტაპები ყველა საბიუჯეტო დონეზე და შესაბამისად ხორციელდება ყველა დონის ბიუჯეტების დაგეგმვის და შესრულების პროცესის სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან სისტემაში მოქცევა.

საბიუჯეტო სისტემაში შემოდის ახალი კონცეფციები ბიუჯეტის კონსოლიდირებისათვის, კერძოდ, ერთიანი მთავრობის ბიუჯეტი, ცენტრალური ბიუჯეტი, ა/რ ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი, ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი, ერთიანი ა/რ ბიუჯეტი, რომლებიც გამოიყენება ანგარიშგების მიზნებისათვის, თუმცა არ დამტკიცდება არცერთი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.

• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადებთან მიმართებაში, საბიუჯეტო ოფისი მიზანშეწონილად მიიჩნევს წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც ეხება ზედმეტად/შეცდომით გადახდილი შემოსულობების დაბრუნების შესახებ ანგარიშგებას, რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილება საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ხელს შეუწყობს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მდგომარეობის შესახებ ზუსტი და სამართლიანი სურათის წარმოდგენას.
კერძოდ: მოქმედი საბიუჯეტო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად, „გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე", „დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა, მათ შორის, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში, არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში". წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული რეგულაციები სრულად ამოღებულია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 49-ე მუხლიდან ნარჩუნდება მხოლოდ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შემოსულობების კორექტირებას დაბრუნებული ან სხვა სახეში გადატანილი თანხით, რაც შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საჯარო ფინანსების სტატისტიკის სტანდარტებს(GFSM 2001), რომელსაც ეყრდნობა ბიუჯეტის კანონის ფორმირება.
• საბიუჯეტო ოფისი მიზანშეწონილად აფასებს ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ფისკალური რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
კერძოდ: სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს თან დაერთვება ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ, რაც საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას მისცემს საშუალებას შეაფასოს რისკების გავლენით ფისკალური აგრეგატების შესაძლო გადახრები.
• საბიუჯეტო ოფისი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:
• წარმოდგენილი ცვლილებით, პარლამენტს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეეძლება ისეთი კანონპროექტების მიღება, რომლებიც იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას. (სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას).
დღეს მოქმედი რეგულაცია კი ვრცელდება მხოლოდ იმ კანონპროექტებზე, რომლებიც იწვევენ მიმდინარე და მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას.
• წარმოდგენილი ცვლილებით, შესაძლებელი ხდება სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერების გადანაწილება თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს ეძლევა უფლებამოსილება შესაბამის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, წინადადება სპეციალური ან კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის თაობაზე წარუდგენოს სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს. მაგრამ არ არის ნათლად განმარტებული როგორი იქნება ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის რესურსების განაწილების შემთხვევაში და რა მექანიზმებით მოხდება მონიტორინგის განხორციელება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
• „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანმდევი კანონპროექტის სახით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს და კანონპროექტი, რიგ საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს ცალკეულ ცვლილებებს საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის შემოსულობების განაწილებაში, რომლის მიხედვითაც (2018 წლის 1 იანვრიდან) მოხდება საშემოსავლო გადასახადის ცალკეული სახეების მიმართვა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების საკუთარ შემოსულობებში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 154-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობას პარლამენტისათვის შემოსულობების განაწილებასთან დაკავშირებული შესაბამისი ცვლილება განსახილველად უნდა წარედგინა 2014 წლის 1 სექტემბრამდე.
• წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისათვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის პროცენტულ მიმართებას ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ასევე გათანაბრებითი ტრანსფერის განაწილების შესაბამის წესს, შესაბამისად ძალაში რჩება გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების მოქმედი წესი და არსებული რეგულაციები.
მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად კი, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტით უნდა განსაზღვრულიყო მუნიციპალიტეტებისათვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის პროცენტული მიმართება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ასევე გათანაბრებითი ტრანსფერის განაწილების შესაბამისი წესი. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული რეგულაცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან ამოღებულია.
• წარმოდგენილი რედაქციით, ამოღებულია საბიუჯეტო კოდექსის მე-16 მუხლის „ბიუჯეტის საკასო შესრულება" მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც: „სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიღებული და სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადარიცხული სახსრები ყველა დონის ბიუჯეტისათვის მიეკუთვნება იმ პერიოდის შემოსულობას, როცა აღნიშნული სახსრების მიღება ან გადარიცხვა აისახა სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე".