2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა (მეორე წარდგენა).
- 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის (GFSM 2001) მოსალოდნელი მაჩვენებელი 2020 წლისთვის მცირედით გაუარესების ტენდენციას ავლენს და მშპ-თან მიმართებაში -2.6%-ს უტოლდება. ფისკალური ბალანსის მოცულობა მცირდება -3.4%-ის დონემდე, ხოლო ე.წ მოდიფიცირებული დეფიციტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მეთოდოლოგიით გაინგარიშება, -2.9%-ს უტოლდება. რაც შეეხება ფისკალური პოლიტიკის მიმართულებასა და ტიპს (ფისკალური პოლიტიკის მიმართულების შეფასება ეკონომიკური ციკლის ეტაპთან მიმართებაში), საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს მოსალოდნელია უარყოფითი ფისკალური პოზიცია, რაც მიუთითებს ფისკალურ კონსოლიდაციაზე. ამასთან, უარყოფით ფისკალურ პოზიციას თან ერთვის გამოშვების დადებითი გაპი, რაც შესაძლებელია ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკის მანიშნებელი იყოს. ხოლო, უშუალოდ, 2020 წლისათვის მოსალოდნელია ფისკალური ექსპანსია და ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკა.
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2020 წლისთვის განსაზღვრულია 14,040 მლნ ლარის დონეზე, რაც 2019 წლის საგეგმო მაჩვენებლის დონეს მნიშვნელოვნად, 1,083 მლნ ლარით (8.4%-ით) აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (2019 წლის დამტკიცებული გეგმით შემოსულობების ზრდა წინა წელთან შედარებით განსაზღვრულია 2.1%-ის დონეზე). შემოსულობების მაჩვენებლის ზრდის წარმოდგენილი ტემპი ძირითადად უკავშირდება შემოსავლებისა და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელთა მნიშვნელოვან მატებას.
- შემოსავლების საპროგნოზო სიდიდე 495 მლნ ლარით (4.7%-ით) იზრდება და 11,035 მლნ ლარს შეადგენს. თავის მხრივ, შემოსავლების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, გადასახდების მნიშვნელოვანი 7%-იანი მატება და მეორე მხრივ - გრანტების საპროგნოზო მაჩვენებლის 49%-იანი კლება.
- ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები განსაზღვრულია 2,755 მლნ ლარის დონეზე, რაც 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელს 539 მლნ ლარით (24%) აღემატება. ზრდა მთლინად მოდის საგარეო წყაროდან მისაღებ კრედიტებზე.
- 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი კანონპროექტის თანდართული 2020- 2023 წწ. ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები 11,275 მლნ ლარს უტოლდება და 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 843 მლნ ლარით აღემატება, მ.შ. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გასაწევი ხარჯები იმატებს 438 მლნ ლარით, ხოლო სახელმწიფო მოხმარების (შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება) ზრდის მაჩვენებელი 189 მლნ. ლარს შეადგენს.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 14,212 მლნ ლარის დონეზე და 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი 6.8%-ს შეადგენს. გადასახდელებს ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით არსებითი ზრდა გათვალისწინებულია ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯების) მუხლით გადასახდელებისათვის. კერძოდ, ზრდის მაჩვენებელი 671 მლნ ლარს (6.7%-ს ) შეადგენს, რაც ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (431 მლნ ლარით) ხარჯების არსებით ზრდას.
- წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა 190 მლნ ლარით მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით. აღნიშნული ცვლილება ძირითადად უკავშირდება, ერთი მხრივ, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების 90 მლნ ლარით, საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის დაფინანსების 119 მლნ ლარით და დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების 161 მლნ ლარით ზრდას (მ.შ. თბილისის ავტობუსების ახალი პროექტის (ფაზა II, EBRD) დაფინანსებისათვის გამოყოფილია 120 მლნ ლარი), მეორე მხრივ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 110 მლნ ლარით და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების 49.6 მლნ ლარით კლებასთან.
- რაც შეეხება 2019 წლის გეგმურ მაჩვენებლებთან მიმართებით პრიორიტეტების ცვლილებას, არსებითად იზრდება ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (371 მლნ ლარი), ძირითადად მოსახლეობის სოციალური დაცვის საბიუჯეტო პროგრამის ხარჯზე (პროგრამული კოდი 27 02). ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონალური განვითრების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის მიმართულებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ოდენობა (179 მლნ ლარი). აღნიშნული ცვლილება ძირითადად უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა (პროგრამული კოდი 25 07) და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის (პროგრამული კოდი 25 04) საბიუჯეტო პროგრამების ასიგნებათა ზრდას. არსებითად იზრდება, ასევე, ინსტიტუციონალური განვითარებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (64 მლნ ლარი), ძირითადად არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისა (პროგრამული კოდი 06 04) და სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელების (პროგრამული კოდი 26 01) საბიუჯეტო პროგრამების ხარჯზე.
დეტალურად იხ. სრული ანგარიში.