Print this page

საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვა

პასუხები ძირითად შეკითხვებზე

ვლინდება თუ არა წლიური გეგმისაგან გადახრები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების შესრულებაში?

აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება  9,891 მლნ ლარს, ნოემბერში დამტკიცებული (საბოლოო) წლიური გეგმის 101%-ს და საწყისი გეგმის 100%-ს შეადგენს, ხოლო გადასახდელების ფაქტობრივი ჯამური მაჩვენებელი (9,703 მლნ ლარი), როგორც საწყის, ასევე საბოლოო წლიურ გეგმასთან მიმართებით, 101%-ს უტოლდება.

როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის გეგმის შესრულების მდგომარეობა? 

შემოსულობების კომპონენტების დონეზე, საბოლოო გეგმიდან (გარდა ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებისა) არსებითი გადახრები არ ვლინდება: შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შესრულება წლიური გეგმის 101%-103%-ის ინტერვალშია. თუმცა განსხვავებული ტენდენცია ვლინდება საწყის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებისას, კერძოდ, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები საწყისი წლიური გეგმის შესაბამისად, 338%-ს და 80%-ს შეადგენს.

შესრულდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებლები?

საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი (7,550 მლნ ლარი) საწყისი წლიური გეგმის 99%-ს და საბოლოო დამტკიცებული გეგმის 100%-ს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10%-ით (702.6 მლნ ლარით) აღემატება. თუმცა გადასახადების ცალკეული სახეების მიხედვით  არსებითი გადახრები ვლინდება საწყის გეგმასთან მიმართებით. მაგალითად, იმპორტის გადასახადი საწყისი გეგმის 61%-ს, საშემოსავლო გადასახადი - 114%-ს და აქციზი - საწყისი წლიური გეგმის 92%-ს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რომელი კომპონენტის გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა საანგარიშო პერიოდში?

მიუხედავად წლიური გეგმური მაჩვენებლის შემცირებისა, წლიური გეგმისაგან უარყოფითი გადახრით ხასიათდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის შესრულება წლიური გეგმის 97%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ საწყის გეგმასთან შედარებით არაფინანსური აქტივების ზრდის შესრულება 80%-ს შეადგენს და გადასახდელების კომპონენტებიდან ყველაზე დაბალი შესრულების დონით ხასიათდება როგორც საწყის, ასევე საბოლოო გეგმასთან მიმართებაში (გარდა ვალდებულებების კლების კომპონენტისა).

როგორია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დინამიკა წინა წელთან შედარებით?

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯები) ზრდის ტემპი წინა წელთან მიმართებაში დადებითია (მხოლოდ 2013 წელს -0.3%), ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) ზრდის ტემპი - უარყოფითი. რაც შეეხება 2015 წელს, ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯები) შესრულება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 679 მლნ ლარს უტოლდება, ამასთან, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) შემცირებულია 18 მლნ ლარით.

გაიზარდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წელთან შედარებით?

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯების შესრულება(1,377 მლნ ლარი) წინა წლის მაჩვენებელს 81 მლნ ლარით აღემატება, შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი 22 მლნ ლარს შეადგენს. წინა წელთან შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა უკავშირდება წოდებრივი სარგოსა და დანამატის ზრდას, შემცირება ვლინდება თანამდებობრივი სარგოს და პრემიის მუხლით ხარჯებისათვის. თუმცა შრომის ანაზღაურების მუხლის დინამიკის ანალიზისას გასათვალისწინებელია 2015 წელს აღნიშნული მუხლის კლასიფიკაციაში განხორციელებული განსხვავებების გათვალისწინება.

როგორია გადასახდელების დინამიკა წლის განმავლობაში?

დეკემბრის თვეში გადასახდელების ზრდის ტენდენცია კვლავ სახეზეა. კერძოდ, გადასახდელების დეკემბრის თვის ათვისება წლის პირველი 11 თვის საშუალო ათვისების 154%-ს შეადგენს. ამასთან გადასახდელების ცალკეული კომპონენტების დონეზე ზრდის ტენდენცია ყველაზე მასშტაბურად ვლინდება არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის, რომელთათვისაც დეკემბრის თვის ათვისება წლის პირველი 11 თვის საშუალო ათვისების შესაბამისად, 266%-სა და 247%-ს შეადგენს, ხოლო ხარჯებისთვის 144%-ს უტოლდება.

როგორია მთავრობის სარეზერვო ფონდის შესრულების მდგომარეობა და მისი გამოყენების მიზნობრიობა?

2015 წლისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული სახსრები საბოლოო დამტკიცებული გეგმის 198%-ს, ხოლო საწყისი წლიური გეგმის 336%-ს შეადგენს (გამოყოფილი სახსრები 168.8 მლნ ლარს, ხოლო გადარიცხული სახსრები 167.9 მლნ ლარს უტოლდება). აღნიშნული ტენდენცია ერთი მხრივ უკავშირდება ბიუჯეტის კანონის ივლისისა და ნოემბრის ცვლილებებით ფონდის გეგმური მაჩვენებლის 50 მლნ ლარიდან 85 მლნ ლარით ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ფონდის ასიგნებების ზრდას დამატებით 85 მლნ ლარით ძირითადად მხარჯავი დაწესებულებებისა და ვალდებულებების მომსახურების/დაფარვის ასიგნებებიდან თანხის გადანაწილების საფუძველზე. ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდეს წილს სხვადასხვა სპეციფიური მიზნებისათვის (38%); კულტურული, სპორტული და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებისთვის (24%) და მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების/მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებისთვის (24%) გამოყოფილი სახსრები შეადგენს.

შეესაბამება თუ არა ბიუჯეტის დეფიციტი კანონით განსაზღვრულ 3%-იან ლიმიტს?

2015 წლისათვის GFSM 2001 კლასიფიკაციით გაანგარიშებული ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ს 1.1%-ს უტოლდება და შეესაბამება ფისკალურ ლიმიტს (საქართველოს ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 3%-ს.). თუმცა ფისკალური დეფიციტის მოცულობა, რომელიც ეკონომიკური ანალიზისა უფრო აქტიურად გამოიყენება  2015 წლისათვის მშპ-ს 3.7%-ს შეადგენს და აჭარბებს კანონით განსაზღვრულ 3%-იან ზღვარს. 

როგორია ვალდებულებების ზრდის დინამიკა წინა წელთან შედარებით?

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგარეო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი წლიური გეგმის 103%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით (49.8 მლნ ლარით) აღემატება. ამასთან, 2014 წლის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება საგარეო ვალდებულებების მომსახურება (საპროცენტო ხარჯი). 2015 წელს საგარეო სესხების უმეტესი ნაწილს (55%) საინვესტიციო ხასიათის კრედიტები წარმოადგენს.

საშინაო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი (ვალდებულების წმინდა ზრდა სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან) კი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45%-ით ნაკლებია. თუმცა საგარეო ვალდებულებების მსგავსად, 2014 წლის მაჩვენებელს არსებითად (45%-ით) აღემატება საშინაო ვალდებულებების მომსახურება (საპროცენტო ხარჯი).