პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მანდატის შესაბამისად, ფისკალური გარემოს მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ფისკალური გარემოს ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშესაწყობად ფისკალური პოლიტიკის როლის, ასევე საშუალოვადიან პერიოდში ძირითადი ფისკალური რისკებისა და საშუალო/გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის შეფასებისათვის.
ზემოაღნიშნულის მიზნით, ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
• ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დინამიკის ანალიზი და განხორციელებული ფისკალური ღონისძიებების ცალკეული ასპექტების პროდუქტიულობის შეფასება საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით;
• ძირითადი ფისკალური აგრეგატების, კერძოდ კი ბიუჯეტის ბალანსის განსხვავებული მაჩვენებლების (ფისკალური, ასევე სტრუქტურული და ციკლურად კორექტირებული ბიუჯეტის ბალანსის) დინამიკა და აღნიშნული მაჩვენებლების ანალიზზე დაყრდნობით ფისკალური პოლიტიკის როლის შეფასება მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის;

• აგრეგატულ დონეზე, 2014 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება წლიურ გეგმასთან მიმართებაში მისაღებად შეიძლება შეფასდეს კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი 9,124.7 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 100.2%-ს შეადგენს. რაც შეეხება გადასახდელებს, გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი უახლოვდება ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმას და 12 თვის მდგომარეობით 8,977 მლნ ლარს და წლიური გეგმის 98.9%-ს უტოლდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2014 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილება არ შესულა და წარმოდგენილი მაჩვენებლები ასახავს შესრულების მდგომარეობას სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში. შემოსულობების ცალკეული კომპონენტებიდან, საანგარიშო პერიოდში წლიურ გეგმასთან მიმართებაში მცირედი გადაჭარბება გამოვლინდა შემოსავლების (100.1%), არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზება) (100.8%) და ფინანსური აქტივების კლების (103.1%) (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) მუხლით შემოსულობების შესრულებისას. ხოლო უარყოფითი გადახრა გამოვლინდა ვალდებულებების ზრდის კომპონენტისთვის, რომლის შესრულება წლიური გეგმის 95.9%-ია (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება აგრეგატულ დონეზე).