• აგრეგატულ დონეზე, 2014 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება წლიურ გეგმასთან მიმართებაში მისაღებად შეიძლება შეფასდეს კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი 9,124.7 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 100.2%-ს შეადგენს. რაც შეეხება გადასახდელებს, გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი უახლოვდება ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმას და 12 თვის მდგომარეობით 8,977 მლნ ლარს და წლიური გეგმის 98.9%-ს უტოლდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2014 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილება არ შესულა და წარმოდგენილი მაჩვენებლები ასახავს შესრულების მდგომარეობას სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში. შემოსულობების ცალკეული კომპონენტებიდან, საანგარიშო პერიოდში წლიურ გეგმასთან მიმართებაში მცირედი გადაჭარბება გამოვლინდა შემოსავლების (100.1%), არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზება) (100.8%) და ფინანსური აქტივების კლების (103.1%) (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) მუხლით შემოსულობების შესრულებისას. ხოლო უარყოფითი გადახრა გამოვლინდა ვალდებულებების ზრდის კომპონენტისთვის, რომლის შესრულება წლიური გეგმის 95.9%-ია (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება აგრეგატულ დონეზე).
• რაც შეეხება გასულ წელთან მიმართებას, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს ჯამურად 18.2%-ით აღემატება, რაც ძირითადად დაკავშირებულია საგადასახადო შემოსავლების და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ზრდის ტემპთან. გადასახდელების შესრულება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 10.8%-ით, ძირითადად ხარჯებისა და ვალდებულებების კლების მუხლის დინამიკის გავლენით, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია რომ გასულ წელთან შედარებით 9%-ით შემცირება ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება აგრეგატულ დონეზე).
• გასული წლების მსგავსად, 2014 წლის დასასრულს ვლინდება გადასახდელების ზრდის ტენდენცია, თუმცა შედარებით ნაკლები მასშტაბურობით. კერძოდ, მეოთხე კვარტლის გადასახდელების შესრულების მაჩვენებელი პირველი სამი კვარტლის ათვისების საშუალო მაჩვენებლის 136%-ს, მათ შორის, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის შესაბამისად და შეადგენს. ამასთან, დეკემბრის თვის გადასახდელების შესრულების მაჩვენებელი წლის პირველი 11 თვის ათვისების საშუალო მაჩვენებლის 178%-ს, მათ შორის, ხარჯებისათვის - 164%-ს, ხოლო არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის 286%-სა და 321%-ს უტოლდება. ამასთან, აღნიშნული ტენდენცია ვლინდება ყოველდღიური დინამიკის ანალიზითაც. კერძოდ, გადასახდელების შესრულების ჯამური მაჩვენებელი უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში (8 სამუშაო დღე) 712.5 მლნ ლარს და დეკემბრის თვის ჯამური შესრულების 57%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება აგრეგატულ დონეზე).
• რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან სალდოს, 2014 წლის ბიუჯეტის კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო -874.7 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა, ხოლო სახაზინო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის მთლიანი სალდოს ფაქტობრივმა სიდიდე - 662.6 მლნ ლარს და მშპ-ს 2.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება გასულ წლებთან მიმართებას, როგორც საოპერაციო, ისე მთლიანი სალდო 2012-2014 წლების მონაცემებით შემცირების ტენდენციით ხასიათდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება აგრეგატულ დონეზე).
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად შესაბამისობაშია წლიური გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან, კომპონენტების დონეზე საგადასახადო შემოსავლების და გრანტებისაგან განსხვავებით, შესრულების შედარებით დაბალი ტენდენცია დაფიქსირდა სხვა შემოსავლების (87%) კომპონენტისთვის. ამასთან, გრანტების კომპონენტი, რომელიც წლის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციას ავლენდა, 12 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის 171.1%-ს შეადგენს (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები).
• წლიურ გეგმასთან მიმართებაში 2014 წელს გადაჭარბება გამოვლინდა საშემოსავლო გადასახადის, დღგ–ს და აქციზის შესრულების მიმართულებით, რომელთა შესრულებაც წლიური გეგმის შესაბამისად, 101.2%, 100.7% და 109.6%-ს შეადგენს. წლიური გეგმური მაჩვენებლისაგან უარყოფითი გადახრა ვლინდება მოგების გადასახადისათვის, რომლის სახითაც ბიუჯეტში მიღებულ იქნა გეგმური მოცულობის 90.9%. გასულ წელთან მიმართებაში, საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპი 8.9%-ს (559.3 მლნ ლარს) შეადგენს, ძირითადად, დღგ-ს (15.8%-ით) და აქციზის სახით (12.2%-ით) მიღებული შემოსავლების გავლენით (იხ. საგადასახადო შემოსავლები).
• რაც შეეხება სხვა შემოსავლების კომპონენტს, სხვა შემოსავლების ცალკეული მუხლებიდან, შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია დაფიქსირდა შემოსავლებისთვის საკუთრებიდან, ძირითადად დივიდენდების მუხლით შემოსავლების დაბალი შესრულების ტენდენციის გავლენით. კერძოდ, დივიდენდების მუხლით შემოსავლები 2014 წლის მდგომარეობით 218.6 ათას ლარს და წლიური გეგმის (55 მლნ ლარი) მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს (იხ. სხვა შემოსავლები).
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში ძირითადად 90%-110%-ის ინტერვალში მერყეობს. ამასთან, წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში 100%-ზე მაღალი ათვისების მაჩვენებელი ვლინდება 30 მხარჯავი დაწესებულებისათვის. რაც შეეხება გასულ წელთან მიმართებას, ათვისების გეგმური მაჩვენებლისაგან გადახრა მცირედით შემცირების ტენდენციას ავლენს, რაზეც დისპერსიის მაჩვენებლების მცირედით შემცირება მიუთითებს. მაგალითად, საშუალო აბსოლუტური გადახრა (გეგმური მაჩვენებლისაგან) 2014 წელს 11.9%-ს უტოლდება, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2013 წლისათვის 14.8%-ს უტოლდებოდა (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები). წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართები 2-8).
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, 2013 წლის მსგავსად ვლინდება ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებიდან საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში, ასევე საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ცალკეულ პროგრამებს შორის ასიგნებების გადანაწილების, კერძოდ, სახელმწიფო საგარეო ვალდებულების დაფარვისთვის და მომსახურებისათვის გამოყოფილი აუთვისებელი სახსრების სხვა პროგრამებისათვის მიმართვის ტენდენცია, საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გავლენით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული სახსრები-82.7 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმას (50 მლნ ლარი) 32.7 მლნ ლარით აღემატება, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 357.2 მლნ ლარს და წლიური გეგმის (300 მლნ ლარი) 119%-ს უტოლდება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ცალკეულ პროგრამებს შორის ასიგნებების გადანაწილების რეგულაციის საკითხი, კერძოდ, ის ფაქტი, რომ არსებული რეგულაციით საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გადანაწილებაზე ლიმიტი განსაზღვრული არ არის (იხ. საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები).
• შრომის ანაზღაურების მუხლის მართვასთან მიმართებაში საყურადღებოა შრომის ანაზღაურების მუხლით გადასახდელების სტრუქტურის დინამიკა, კერძოდ 2014 წლის მეორე ნახევრიდან პრემიის მუხლის შემცირების პარალელურად დანამატის მუხლით შრომის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია ვლინდება. რაც შეეხება გასულ წელთან მიმართებას, შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯები ჯამურად გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 9.2%-ით, თუმცა წილი ჯამურ ხარჯებში 2014 წლის მდგომარეობით შემცირების ტენდენციას ავლენს მის ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში. ამასთან, პრემიის სახით გაცემული სახსრების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 16.8%-ით, ხოლო დანამატის სახით გაცემული შრომის ანაზღაურების კომპონენტი წინა წელთან შედარებით 45.5%-ით არის გაზრდილი. ჯამურად პრემიისა და დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 14.5%-ით (იხ. შრომის ანაზღაურება).
სახელმწიფო ვალდებულებების დინამიკა
• სახელმწიფო ვალის წილი მშპ-სთან მიმართებაში 2013-2014 წლებში ზრდის ტენდენციას ავლენს და 2014 წლის მდგომარეობით 35.76%-ს შეადგენს, გასულ წელს კი ანალოგიური ფარდობა 34.7%-ს უტოლდებოდა. ამასთან, შემცირებულია საგარეო ვალის მშპ-სთან ფარდობის წილი წინა წელთან მიმართებაში 27.2%-დან 26.8%-მდე, ხოლო საშინაო ვალის მშპ-სთან ფარდობის წილი ზრდის ტენდენციას (7.5%-დან 8.8%-მდე) ავლენს (იხ. სახელმწიფო ვალდებულებების დინამიკა).
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტენდენციას ავლენს და ფაქტობრივი შესრულება 2014 წლის მდგომარეობით 572.8 მლნ ლარს (წლიური გეგმის 95.5%-ს) შეადგენს. აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 898.5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 310 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები. ამასთან, 2014 წელს ემიტირებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა 2.3-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (იხ. საშინაო ვალდებულებების დინამიკა).
• საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებასთან მიმართებით, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით კრედიტების სახით, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობა ჯამურად, 996.9 მლნ ლარს (რაც გასული წლის მაჩვენებელს 169%-ით აღემატება, ძირითადად ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ზრდის გავლენით) და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 96.2%-ს შეადგენს. რაც შეეხება დაფარვას, 2014 წელს სახელმწიფო საგარეო ვალდებულებებზე (გარდა სხვა კრედიტორული დავალიანებისა) ძირითადი თანხის დაფარვის სახსრები 499.5 მლნ ლარს, ხოლო საპროცენტო ხარჯი 139.5 მლნ ლარს შეადგენს. აქვე საყურადღებოა, რომ გასული წლის მსგავსად, მომსახურებისა და დაფარვის სახსრების ფაქტორივი შესრულება გეგმურ მაჩვენებლებზე ნაკლებია (იხ. საგარეო ვალდებულებების დინამიკა).
ანგარიშს თან ერთვის შემდეგი ინფორმაცია დანართის სახით:
დანართი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის აგრეგატული მაჩვენებლები, 2014 წლის 12 თვის მდგომარეობით;
დანართი 2: ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ათვისების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, 2014 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ გეგმასთან მიმართებაში;
დანართი 3: ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ათვისების შესახებ პროგრამების მიხედვით 2014 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ გეგმასთან მიმართებაში;
დანართი 4: ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დეკემბრის თვის ათვისების შესახებ წლის განმავლობაში ათვისების ტენდენციასთან მიმართებაში;
დანართი 5: ინფორმაცია პროგრამების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დეკემბრის თვის ათვისების შესახებ წლის განმავლობაში ათვისების ტენდენციასთან მიმართებაში;
დანართი 6: ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დეკემბრის თვის ათვისების შესახებ იმ პროგრამებისათვის, რომელთათვისაც დეკემბრის თვის ფარდობა 11 თვის საშუალოსთან შესაბამისი სიხშირეთა განაწილების 75 პერსენტილს აღემატება;
დანართი 7: ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების წლის ბოლო 3 დღის ათვისების შესახებ, წლის განმავლობაში ათვისების ტენდენციასთან მიმართებაში;
დანართი 8: მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ათვისების ყოველთვიური დინამიკა;
დანართი 9: მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯების შესრულების ყოველთვიური დინამიკა;
დანართი 10: მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მხარჯავ დაწესებულებებზე მიმართული თანხები, 2014 წლის 12 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით.