დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში პროგრამის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის ამაღლებას. პროექტის ზოგადი პრიორიტეტებია: ზედამხედველობის ფუნქციების გაუმჯობესება, პარტნიორობა ღია მმართველობისათვის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელება, პოლიტიკის ფორმირების პროცესების დახვეწა და შედეგების მონიტორინგი და სხვ. მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობის გაძლიერების, კანონშემოქმედებითი პროცესის დახვეწის მიზნით GGI თანამშრომლობს პარლამენტთან, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მიმართულებით საქმიანობის ხარისხის შემდგომი სრულყოფა, საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის და საჭიროებისამებრ, მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს დახვეწა. აღნიშნული ღონისძიებები თავის მხრივ ხელს უწყობს საკანონმდებლო საქმიანობაში საბიუჯეტო ოფისის როლის ზრდას, მისი საქმიანობის ხარისხის ამაღლებას და საბიუჯეტო სახსრების მართვის ეფექტიანობას. კერძოდ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრებსა და კომიტეტების წარმომადგენლებთან, რომელიც მიზნად ისახავდა პარლამენტის, როგორც ძირითადი დაინტერესებული მხარის მოსაზრებების გაზიარებას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმიანობის შესახებ, რომელიც კიდე უფრო ხელს შეუწყობს სამომავლოდ აღნიშნული ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. შეხვედრაზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დასრულებული ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სახელმწიფო ფინანსების შესახებ, მაკროეკონომიკური გარემოს პერიოდული მიმოხილვის ფორმატი და ასევე გააცნო საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთების შემოწმების მეთოდოლოგიური ასპექტების ძირითადი ჩარჩო. მსგავსი შეხვედრები და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა წარმოდგენს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის სრულყოფის წინაპირობას.
