ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით მიმდინარე წლის 9-11 ივნისს, კახეთში, დაინტერესებული მხარეებისათვის ჩატარდა გასვლითი ტრენინგი კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების თაობაზე.
ევროკავშირის პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ 2019 წლიდან მიმდინარეობს და ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერების გზით უზრუნველყოფს საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმების განხორციელების ტექნიკურ მხარდაჭერას.
ტრენინგი განკუთვნილი იყო სამინისტროების, სსიპ-ებისა და მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული და საფინანსო/ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი კანონპროექტების განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადებაში.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი შორენა კახიძე. ტრენინგში თანატრენერებად ჩართულნი იყვნენ საბიუჯეტო ოფისის ამავე განყოფილების წარმომადგენლები: ჯუნა გერსამია, მარიამ კახიძე და მარიამ ფიფია. ევროკავშირის მხრიდან მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერტი ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტირების თემებზე ანა სტანკაიტიენე.
ტრენინგზე განხილული იყო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები“.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ ზემოაღნიშნულ დოკუმენტს და აქტიურად ემუშავათ პრაქტიკულ დავალებებზე ცალკეული კანონპროექტების განმარტებითი ბარათების ფინანსური დასაბუთების კუთხით. ისინი ჯგუფურ ფორმატში განიხილავდნენ კონკრეტულ მაგალითებს და წარმოადგენდნენ შესრულებული დავალებების შედეგებს. აღნიშნულმა აქტივობებმა მონაწილეებს ტრენინგის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მისცა. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ონლაინ ფორმატში შეემოწმებინათ მიღებული ცოდნა ტრენერის მიერ შემოთავაზებული სახალისო გამოკითხვის საშუალებით. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/963-2023-06-15-05-58-40?tmpl=component&print=1#sigProGalleriacfe200c3b1