Print this page

IMF შემფასებელთა მისია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს შეხვდა

მიმდინარე წლის 21 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შემფასებელთა მისიამ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მისიის ინტერესს წარმოადგენდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის ფისკალური გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული საბიუჯეტო ოფისის საქმიანობა, მიღწევები და მიმდინარე აქტივობები როგორც ბიუჯეტის ანალიზის, ასევე მაკროეკონომიკური ანალიზისა და კანონპროექტების ფინანსური გავლენის შეფასების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფისკალურ ზღვრებთან შესაბამისობის  მონიტორინგის უზრუნველყოფის საკითხს, რომელსაც საბიუჯეტო ოფისი 2020 წლიდან ახორციელებს (იხ. ანგარიშები). განხილულ იქნა ასევე საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული თვითშეფასების ანგარიში.

ამასთან, განხილულ იქნა მოქალაქეთათვის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით საბიუჯეტო ოფისის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, ბიუჯეტის ანალიზის შედეგების წარმოდგენა ინფოგრაფიკების მეშვეობით, პრაქტიკული მაგალითებით და მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე შემუშავებული სახელმძღვანელოები, კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების დამხმარე ვიდეორგოლი და სხვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ შემუშავდება ანგარიში, სადაც აისახება ქვეყნის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით. შეფასების ანგარიშში ასახული იქნება მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც.

საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელთა მისიამ ბოლოს 2017 წელს შეაფასა და ანგარიში გამოსცა.